ორსულებს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც, კლინიკებში უმკურნალებენ

ორსულებს, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კლინიკებში უმკურნალებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის შემთხვევების მართვის სახელმწიფო პროტოკოლშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, ყველა ორსული, რომელიც წარმოადგენს COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევას (მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა), ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, კლინიკები ვალდებულნი არიან, მათთან აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულთან დაამყარონ კომუნიკაცია (ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი დისტანციური საშუალებით) და მიაწოდონ რეკომენდაციები COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.

„ორსულობის პერიოდში მწვავე რესპირატორული სიმპტომების (ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, ტემპერატურა, ფაღარათი) გამოვლენისას პირველადი კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან/მეან-გინეკოლოგთან ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, რომლის დროსაც ხდება დეტალური ანამნეზის შეკრება როგორც პაციენტის ჩივილების, ისე COVID-19-ით დაინფიცირებისათვის სარისკო კონტაქტების (მათ შორის მოგზაურობის ისტორიის) არსებობის გამოვლენის მიზნით.

იმ შემთხვევაში, როდესაც, ანამნეზით COVID-19-ით დაინფიცირების სარისკო კონტაქტი გამოირიცხება, ორსულის მართვა (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე) ხორციელდება პაციენტის მდგომარეობისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით ოჯახის ექიმის მიერ შესაბამისი ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ ექიმ-მეან გინეკოლოგთან კომუნიკაციით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებაში ორსულის ვიზიტს, გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი რეკომენდაციები:

„მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული სატელეფონო და ინტერნეტრესურსები ორსულის ექიმთან კონსულტაციისთვის; დაწესებულებაში ვიზიტი ჩანიშნულ იქნეს დროის ისეთ პერიოდში, როდესაც მაქსიმალურად გამოირიცხება სხვა პაციენტებთან ორსულის კონტაქტი; მაქსიმალურად იქნეს შეზღუდული ორსულების დამატებითი ვიზიტები; ორსულების ამბულატორიული მიღებისა და კონსულტირებისთვის გამოყენებული იქნეს ისეთი კაბინეტები, რომელთა მოსაცდელი გამიჯნულია დაწესებულების საერთო მოსაცდელი სივრცისგან; დაწესებულებაში ორსულის ვიზიტის დროს მას უნდა ეკეთოს ქირურგიული ნიღაბი და შესვლის წინ დაიმუშავოს ხელები ხელის ანტისეპტიკით/სანიტაიზერით; სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ყველა პირი აღჭურვილი უნდა იყოს ქირურგიული ნიღბით და მკაცრად იცავდეს უსაფრთხოების სათანადო ზომებს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ COVID-19-ის სიმპტომებს განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს ორსულებთან, რადგან ორსულობის ფიზიოლოგიური ადაპტაციის სიმპტომებს ან ორსულობის თანმხლებ მოვლენებს (მაგ.: ქოშინი, ცხელება, გასტროინტესტინური სიმპტომები, დაღლილობა) შეუძლიათ გადაფარონ კორონავირუსის სიმპტომები.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო