სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 9 პროდუქტი, რომელზეც სახელმწიფომ ფასის ზრდა დააზღვია, არ გაძვირებულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ 9 პროდუქტზე, რომელზეც სახელმწიფომ ფასის ზრდა დააზღვია, ფასი მომატებული არაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ განუცხადა, პროდუქტების ფასის მონიტორინგი ხდება როგორც იმპორტის, ასევე დისტრიბუციისა და საცალო გაყიდვის ეტაპზე და ამ დროისთვის ფასის მატება არ ფიქსირდება, თუმცა შესაძლოა, სურსათის გაძვირების ცალკეული ფაქტები კერძო უბნის მაღაზიებში დაფიქსირდეს.

„დღემდე 20-მდე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას აქვს გაფორმებული ჩვენთან კონტრაქტი და ჩვენი მიდგომაა ის, რომ 9 პროდუქტის ფასი 10 მარტის მდგომარეობით არსებულთან შედარებით არ უნდა გაიზარდოს.

მთავარია, რომ სისტემურად გვიჭირავს ეს პროცესი. ყოველდღიურ რეჟიმში ვაკონტროლებთ, ფასებს ვადევნებთ თვალყურს. სპეციალური მონიტორინგის ჯგუფია შექმნილი. ფასები, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან იგზავნება ჩვენთან და ზრდა არ არის. შესაძლებელია ეს იყოს ერთეულ საუბნო მაღაზიებში, რომ მაგალითად 10 თეთრით მოიმატოს წიწიბურის ფასმა, მაგრამ საერთო ჯამში თუ ავიღებთ, ვინც ბაზარზე ოპერირებს, 80-90 % შემთხვევაში, ფასები შენარჩუნებულია“, - აცხადებს თენგიზ კალანდაძე.

თენგიზ კალანდაძის თქმით, თუ მომხმარებლები ფასის მატების ფაქტს დააფიქსირებენ, შეუძლიათ ეს უწყებას აცნობონ და რეაგირება მყისიერი იქნება.

„მე მოვუწოდებ მომხმარებლებს, თუ შენიშნავენ სპეკულაციურად ფასის გაზრდას, შეგვატყობინონ. გვაქვს ცხელი ხაზი 15 01, მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ ამაზე“, - აღნიშნავს თენგიზ კალანდაძე.

ცნობისთვის, სახელმწიფო 9 სასურსათო პროდუქტზე: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო, ფასის ზრდას აზღვევს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ამასთან, მომხმარებლების ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში პროდუქტებზე, მათ შორის აღნიშნულ 9 პროდუქტზე ფასები მომატებულია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს