პარტია „თავისუფალი საქართველო“ უცხოეთიდან ქართველი ემიგრანტების საქართველოში დაბრუნების პროცესს ეხმაურება.
„სამწუხაროდ, უკვე იკვეთება აღნიშნულ პროცესში გარკვეული ჯგუფების კორუფციული ინტერესები: მიუხედავად იმისა, რომ ვიზიარებთ და გვესმის, მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება, ემიგრანტები დააბრუნოს ეტაპობრივად, საკარანტინე სივრცეების მოწყობის პარალელურად. ეს არის მძიმე გადაწყვეტილება, თუმცა ლოგიკური და ჩვენ, მთავრობის ამ პოზიციას გაგებით მოვეკიდეთ. თუმცა სრულიად აშკარაა, რომ ადგილი აქვს ერთი მხრივ, კორუფციულ პროცესს ემიგრანტების ავიარეისებით საქართველოში დაბრუნების პროცესში, ხოლო მეორემ მხრივ, გარკვეულ პოლიტიკურ ჯინიანობას. კონკრეტულად, ბერლინი-თბილისის რეისთან დაკავშირებით გვინდა განვაცხადოთ, რომ როცა დაინიშნა პირველი რეისი, ჩვენ გერმანიაში მცხოვრები მრავალრიცხოვანი ქართველი ემიგრანტების თხოვნით დავუკავშირდით, როგორც დიპლომატიურ უწყებას, აგრეთვე ავიაკომპანიას და მათგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2 აპრილის რეისზე ბილეთები უკვე წინასწარ გაყიდული იყო კომერციული მგზავრებისათვის პანდემიის გამოცხადებამდე. შესაბამისად, ონლაინ გაიყიდებოდა მხოლოდ 10 ბილეთი, რასაც აგრეთვე გაგებით მოვეკიდეთ. ამასთან მივიღეთ გარანტია, როგორც კომპანიისაგან, ასევე დიპლომატიური უწყებისგან, რომ 12 აპრილის რეისზე ბილეთები გაიყიდებოდა მხოლოდ ონლაინ რეჟიმში და ბილეთების გაყიდვა დაიწყებოდა 2 დღით ადრე - 10 აპრილიდან. სამწუხაროდ, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ არც ერთი ბილეთი ონლაინ გასაყიდად არ გამოტანილა, ხოლო კომპანიამ გაავრცელა იგივე განცხადება, რაც გაავრცელა 2 აპრილის რეისზე, რომ ეს ბილეთები პანდემიის გამოცხადებამდე იყო გაყიდული, თუმცა კიდევ ერთხელ მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის სიცრუე, ვინაიდან 2-დან 10 აპრილამდე შუალედში კომპანიაც და დიპლომატიური უწყებაც აცხადებდნენ, რომ 12 აპრილის ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთები გამოტანილი იქნებოდა მთლიანად ონლაინ გაყიდვაში. ვფიქრობთ, რომ პროკურატურამ ამ საქმეზე უნდა დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება, კონკრეტულად ამ რეისზე და სხვა სპეცრეისზე ადგილი ჰქონდა თუ არა კორუფციულ დარღვევებს შესაბამისი პირების მხრიდან, ხოლო მეორეს მხრივ აუცილებელია, ვინაიდან უკვე გავიდა გარკვეული მოსამზადებელი პერიოდი და მთავრობას წესით მოგვარებული უნდა ჰქონდეს საკარანტინე სივრცეებთან დაკავშირებული საკითხები, გაიზარდოს სპეცრეისების რაოდენობა“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე განმარტებით, გარდა საკარანტინე სივრცეების მოწყობისა, მთავრობამ უნდა განმარტოს, არის თუ არა სხვა პრობლემებთან დაკავშირებული ემიგრანტების დაბრუნება.
„ ემიგრანტები თვითონ იხდიან ბილეთის კომერციულ ფასს -200 ევროს და გაუგებარია სჭირდება თუ არა ამ პროცესს ე.წ „სააკაშვილის ფონდის“ ან რომელიმე სხვა დონორის დახმარება. თუ ასეთი დახმარება საჭიროა, რატომ არ ახორციელებს მას StoPCoV ფონდი, რომელშიც ოფიციალური განცხადებების მიხედვით 120 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და თუ ეს ფონდიც საკმარისი არაა, ვთხოვთ საგარეო უწყებას და ავიაკომპანიას განმარტონ, კონკრეტულად რა რაოდენობის სუბსიდია არის საჭირო სპეცრეისების ორგანიზებისათვის. როგორც პარტია „თავისუფალი საქართველო“, ასევე, დარწმუნებულნი ვართ, ბევრი სხვა კომერციული თუ არაკომერციული სუბიექტი ჩაერთვება რეალურ და არა ტელეეკრანებისათვის განკუთვნილ ქველმოქმედებაში“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.