„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული  პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას

საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას, პარლამენტის წევრები არ ავლენენ დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს. შედეგად, საპარლამენტო კონტროლი არ ეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად საკითხს და კონტროლის შედეგებიც არაეფექტურია, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშში „საპარლამენტო კონტროლი საქართველოში“ 2019 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების მოქმედებაა მიმოხილული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ანალიზი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ნორმების გაუმჯობესება დადებითად აისახა საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პრაქტიკაზე. ანგარიშის მიხედვით, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცესში, კვლავ პრობლემად რჩება, როგორც დეპუტატების, ასევე მთავრობის წევრთა, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა.

„საანგარიშო პერიოდში, ხუთი მინისტრის საათი გაიმართა (რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია). მთავრობის 3 წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და სახალხო დამცველი (გიორგი გახარია, მიხეილ ბატიაშვილი, მაია ცქიტიშვილი, კობა გვენეტაძე, ნინო ლომჯარია) საკუთარი ინიციატივით წარდგა პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით ანგარიშვალდებულ ორგანოებთან 20 კითხვა გაიგზავნა; პარლამენტის წევრები უფრო აქტიურად იყენებენ დეპუტატის კითხვის უფლებას. ასევე, პარლამენტის 36-მა წევრმა 464 წერილობითი კითხვა გააგზავნა ანგარიშვალდებულ ორგანოებთან, აქედან 416 კითხვას გაეცა პასუხი; ფრაქციები აქტიურად იყენებენ მთავრობის წევრთა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების კომიტეტის სხდომაზე დაბარების უფლებას. საანგარიშო პერიოდში 42-ჯერ დაიბარეს თანამდებობის პირები. აქედან 32-ის ინიციატორი ფრაქციები იყვნენ, ხოლო 10-ის – კომიტეტები. პარლამენტში შეიქმნა თემატური მოკვლევის 9 ჯგუფი, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს; საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშების კომიტეტებზე განხილვის პრაქტიკა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშის თანახმად, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებაში, ოპოზიციის როლი კანონმდებლობით სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას.

„მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს, (464 დასმული კითხვიდან 48 კითხვას პასუხი არ გაეცა, ხოლო 119 კითხვას პასუხი გაეცა დაგვიანებით), საანგარიშო პერიოდში ფრაქციებმა 32-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 20 შემთხვევაში თანამდებობის პირი არ დაესწრო კომიტეტის სხდომას; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, საპარლამენტო კონტროლი სუსტია, რასაც განაპირობებს, როგორც კანონმდებლობა და ნდობის ჯგუფის შეზღუდული მანდატი, ასევე შეზღუდული ადამიანური რესურსი; პარლამენტი არ იყენებს საპარლამენტო კონტროლის ყველა მექანიზმს, მაგ. ფრაქციების მიერ ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების პლენარულ სხდომაზე დაბარების უფლებას და პარლამენტის მიერ სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების ანგარიშის წარდგენის მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის მიმართ; კომიტეტები, ანგარიშვალდებული ორგანოების ანგარიშებს ყოველთვის კანონით დადგენილ ვადაში არ განიხილავენ და შესაბამის დასკვნას დროულად არ ამზადებენ. რამდენიმე შემთხვევაში, კონკრეტული დასაბუთების გარეშე, ანგარიშის განხილვის და დასკვნის მიღების ვადა გადაიწია; პრობლემას წარმოადგენს საპარლამენტო კონტროლის პროცესის გამჭვირვალობა. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული ინფორმაცია არასისტემატიზებული სახით იძებნება, ზოგიერთი ინფორმაციის მოძიება ვებგვერდზე შეუძლებელია. კომიტეტები, საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებულ ინფორმაციას არასრულად და საჯარო ინფორმაციის მოწოდებისათვის დადგენილი ვადების მნიშვნელოვანი გადაცილებით გვაწვდიან“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო