უსუფაშვილი - აშშ-ის საელჩოს მოკლე და ტევადი განცხადება ყველა კითხვაზე პასუხია - ოქრუაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის მითითება, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს

ხელისუფლება ძალიან მძიმედ, ძალიან დიდი ტკივილებით, მაგრამ მაინც იძულებული იქნება წავიდეს სწორ გზაზე, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ინტერეპრესნიუსთან“ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთხნხმებასთან დაკავშირებით არსებობდა.

„აშშ-ის საელჩოს მოკლე და ძალიან ტევადი განცხადება არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც ისმოდა იმის თაობაზე, თუ რას მოიცავდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა. თუკი ვინმეს ეს არ ესმოდა ეს ძალიან კარგად დაინახა დღეს და გაიგო. ის საეჭვო პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები უნდა მოგვარდეს ისე, რომ მან პოლიტიკური პროცესების ასე თუ ისე ნორმალიზების საშუალება გააჩინოს. კონკრეტულად ოქრუაშვილთან დაკავშირებით აშშ-ის მითითება, რომ შეთანხმება უნდა შესრულდეს, არის ძალიან მკაფიო გზავნილი“, -განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის საელჩოს დღევანდელი განცხადება არის ერთ-ერთი ბერკეტი იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმება ბოლომდე მივიდეს.

„ჩვენ ხელისუფლების ყოველ არასწორ ნაბიჯს თუ ავყევით და გამოვაცხადეთ შეთანხმების გაუქმება, მაშინ აქამდეც არ გვექნებოდა შედეგი, რადგან ხელისუფლება ორ კვირაში ერთხელ რაღაც ისეთს სჩადიოდა , რომ ან მაგიდასთან არ უნდა დავმსხდარიყავით, ან უნდა ავმდგარიყავით მაგიდიდან ან ა.შ. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის ბერკეტი რაც ჩვენს ხელთაა, რომ შეთანხმება შესრულდეს. ჩავთვალოთ, რომ აშშ-ის საელჩოს ეს განცხადება არის ერთ-ერთი ასეთი ინსტრუმენტი და ბერკეტი. ხელისუფლება ძალიან მძიმედ, ძალიან დიდი ტკივილებით, მაგრამ იძულებულია წავიდეს სწორ გზაზე, დღემდე ასე ხდებოდა და დარწმუნებული ვარ, ხვალაც გამოიძებნება კონკრეტული მექანიზმები და გადაწყვეტილებები, რომ პროცესი დასრულდეს იმ შედეგით,რაც დაგეგმილია,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ეხმაურება. საელჩო აღნიშნავს, რომ ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება”, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო