COVID-19 პანდემიის გამო ეროვნულ და გლობალურ რისკებსა და გამოწვევებზე, მათი დაძლევის შესაძლო გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.
- ბატონო ზაზა, ის, რაც ახლა მსოფლიოში კორონავირუსის გამო ხდება, ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურას ჰგავს და ამავე ჟანრში გადაღებულ ფილმებში გვაქვს ნანახი.
შესაძლოა, სწორედ ამის გამოა, რომ იძულებით სოციალურ დისტანციაში მყოფი მოქალაქეები, რომელთა ყოფასაც ციფრულ-დისტანციური ურთიერთობები ამსუბუქებს, თავს ფანტასტიკური ლიტერატურისა და ამავე ჟანრში გადაღბული ფილმების პერსონაჟებად აღიქვამენ.
დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ როგორადაც და რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს პანდემიასთან ბრძოლის ისტორია, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება როგორც სულ ახლახან, თუნდაც 2020 წლის იანვარში იყო.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც მსოფლიო პანდემიის გამო აღმოჩნდა?
- ცხადია, კრიზისი გადაივლის. Covid 19-ს, როგორც ჩანს, ერთ ან ორ წელიწადში მაინც „დავიმორჩილებთ.“ მაგრამ როგორი წარმატებულიც არ უნდა აღმოჩნდეს მასთან ბრძოლა, ყველა შემთხვევაში, არსებობას განვაგრძობთ იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი რამ ყოველწამიერად შეიძლება მოხდეს.
ბუნებრივია, ჩვენ ყველას გვინდა, რომ დავიბრუნოთ ცხოვრების ის ყაიდა და ის დამოკიდებულება სინამდვილის მიმართ, რომელიც სულ ოთხიოდე თვის წინ გვქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია. როგორც ჩემზე მცოდნე ადამიანები ამბობენ, პირბადე ჩვენს თანამდევ ნივთად იქცევა.
დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ძველი მსოფლმხედველობრივი ინსტრუმენტებით გვსურს, გავიგოთ, რა ხდება. მალე ეს შეუძლებელი იქნება. როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის შემდეგ ტრადიციული ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა დღევანდელ მნიშვნელობას დაჰკარგავს და ახალი სააზროვნო ველი გვექნება მოსაპოვებელი.
დღეს ჩვენ ჯერ კიდევ ძველი მსოფლმხედველობრივი ინსტრუმენტებით გვსურს, გავიგოთ, რა ხდება. მალე ეს შეუძლებელი იქნება. როგორც ჩანს, არც ისე დიდი ხნის შემდეგ ტრადიციული ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი, მემარცხენეობა თუ მემარჯვენეობა დღევანდელ მნიშვნელობას დაჰკარგავს და ახალი სააზროვნო ველი გვექნება მოსაპოვებელი
უახლოესი წლების განმავლობაში, ალბათ, მომსწრე ვიქნებით ძველი რელიგიური დისკურსების განახლებისა და ახალი საზრისებით აღჭურვის მცდელობისა, ახალი რელიგიებისა თუ ოკულტური მოძღვრებების გაჩენისა და ა.შ.
დღეს ბევრი ისე ცდილობს საქმის წარმოდგენას, თითქოს ყველაფერი ეს მას არ ეხება და მხოლოდ სხვები ისჯებიან. გავიხსენოთ რუსეთი, ჩინეთი, ირანი ან ჩრდილო კორეა. თავიდან ისინი ცდილობდენ, შეეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი ეს დასავლელი „ცუდი ბიჭებისთვის“ ხდება. ვხედავთ, რომ ეს გულუბრყვილო დაიმედება ძვირი დაუჯდათ.
ეს დაემართება ყველას, ვინც ფიქრობს, რომ მისი მდგომარეობა განსაკუთრებულია და რომ ის გადარჩენის საიდუმლოს ფლობს ან სამყაროში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. აპოკალიფსი იმის აპოკალიფსია, რომ მისთვის არ არსებობს შინაური და გარეული და ის ყველა ჩვენი გულუბრყვილობისათვის პასუხს გვაგებინებს. წყალდიდობა, მიწისძვრა და ა.შ. ერთმანეთისაგან არ განასხვავებს „ჭეშმარიტებაში მყოფებს“ „ჭეშმარიტებაში არამყოფებისაგან“.
- იმის ფონზე, რომ მსოფლიო პანდემიას და პანდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის, სულ უფრო ნათლაც ჩანს, რომ პანდემია საერთაშორისო კონტექსტში სერიოზულ და მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.
დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში მოსალოდნელია საერთაშორისო ასპარეზზე ძირითადი აქტორების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში პრაგმატიზმზე შეუნიღბავი აქცენტირება.
როგორია თქვენი შეფასება და მოლოდინი ამ თვალსაზრისით? რამდენად განჭვრეტადია მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურები?
- სხვაგვარად ვერც მოხდებოდა. არ არსებობს აბსოლუტური პოლიტიკური ალტრუიზმი. საფრთხის დროს ეგოიზმი და თავდაცვის ინსტიქტი ბუნებრივად იღვიძებს. ამას ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ - დასავლეთ ევროპაშიც საფრთხეზე პირველი რეაქცია სხვაგვარი ვერც იქნებოდა.
ამასთან, დადგა მომენტი, როდესაც სწორხაზოვანი ეგოიზმი კიდევ უფრო წამგებიანი აღმოჩნდა. დასავლეთმა იგრძნო, რომ თუ არ მოთოკავდა მას, ჯერ ერთი, დათითოკაცებულ სამყაროში პანდემიის საფრთხე გაათმაგდებოდა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ლიდერის როლს დაკარგავდა. ჩინეთი და რუსეთიც სწორედ აქ არიან ჩასაფრებულები და თითქოს და ამ უდროო დროს გაჩაღებული საინფორმაციო ომით ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტირებას და დესტაბილიზებას.
დადგა მომენტი, როდესაც სწორხაზოვანი ეგოიზმი კიდევ უფრო წამგებიანი აღმოჩნდა. დასავლეთმა იგრძნო, რომ თუ არ მოთოკავდა მას, ჯერ ერთი, დათითოკაცებულ სამყაროში პანდემიის საფრთხე გაათმაგდებოდა და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ლიდერის როლს დაკარგავდა. ჩინეთი და რუსეთიც სწორედ აქ არიან ჩასაფრებულები და თითქოს და ამ უდროო დროს გაჩაღებული საინფორმაციო ომით ცდილობენ დასავლეთის დისკრედიტირებას და დესტაბილიზებას
მოკლედ, ასეთი საფრთხის დროს ეგოისტური პრაგმატიზმი გარდუვალია, მაგრამ, როგორც ვთქვი, დგება ზღვარი, რომლის მიღმაც ის წამგებიანია. დასავლეთს საკმარისი ინტელექტუალური, კულტურული და ეკონომიკური რესურსები აქვს საიმისოდ, რომ დაძლიოს ის და გლობალური პროცესების დღის წესრიგის შემქმნელის როლი შეინარჩუნოს.
მაგრამ, როგორც ვთქვი, ეს, ალბათ, აღარ იქნება „ძველი“ დასავლეთი თავისი ისტორიის ლიბერალური დასასრულის ილუზიით ან ანტიგლობალისტებით. მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, შევძლებთ თუ არა ამ კონკრეტული პანდემიის დაძლევას, არამედ ისიც, შევძლებთ თუ არა ახალი სინამდვილის ადექვატური გაგების შემუშავებას.
როგორც ვთქვი, ეს, ალბათ, აღარ იქნება „ძველი“ დასავლეთი თავისი ისტორიის ლიბერალური დასასრულის ილუზიით ან ანტიგლობალისტებით. მთავარი მხოლოდ ის კი არ არის, შევძლებთ თუ არა ამ კონკრეტული პანდემიის დაძლევას, არამედ ისიც, შევძლებთ თუ არა ახალი სინამდვილის ადექვატური გაგების შემუშავებას
რაც შეეხება ახალ მსოფლიო წესრიგს. ბევრი არადასავლური კულტურა - მათ შორის, რუსეთი, ჩინეთი, რადიკალური ისლამი - ელის, როდის დასრულდება დასავლეთის ჰეგემონია და მუდმივად წინასწარმეტყველებენ ამ დასასრულს. ამ საქმეში განსაკუთრებით რუსები აქტიურობენ.
დასავლეთში, მართლაც, შეიძლება გართულდეს ვითარება, მაგრამ ერთადერთი ძალა, რომელსაც ამით სარგებლობა ძალუძს, არის არა რუსეთი თავისი მსოფლმხედველობრივი არქაიზმით, ქაოსითა და უწესრიგობით, არამედ - კომუნისტური ჩინეთი თავისი კომუნიზმით, ადამიანების თვითორგანიზების არაჩვეულებრივი უნარითა და გლობალურ სამყაროსთან მორგებული ეკონომიკით. პირადად მე არ ვისურვებდი ჩინურ მსოფლიო წესრიგს.
დასავლეთში, მართლაც, შეიძლება გართულდეს ვითარება, მაგრამ ერთადერთი ძალა, რომელსაც ამით სარგებლობა ძალუძს, არის არა რუსეთი თავისი მსოფლმხედველობრივი არქაიზმით, ქაოსითა და უწესრიგობით, არამედ - კომუნისტური ჩინეთი თავისი კომუნიზმით, ადამიანების თვითორგანიზების არაჩვეულებრივი უნარითა და გლობალურ სამყაროსთან მორგებული ეკონომიკით. პირადად მე არ ვისურვებდი ჩინურ მსოფლიო წესრიგს
რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი საუკუნეებია დასავლეთს უცქერს ისე, როგორც მოხულიგნო ბიჭი - თავის მშრომელ და გონიერ მეზობელს. ცდილობს დაამტკიცოს, რომ სწორედ მისი ცივილიზაციური მოდელია ჭეშმარიტი და რომ მეზობლის გონიერებასა და შრომაში რაღაც „ძალიან ცუდი“ იმალება.
გლობალურ სამყაროში რუსეთი კარგ საზოგადოებაში მოხვედრილი მდაბიოსავითაა, თავხედობით და ხულიგნური ქცევით რომ ცდილობს დამკვიდრებას. დარწმუნებული ვარ, ნავთობის ფასების დაცემა და პანდემია ამ ქვეყნის გლობალურ პრეტენზიებს სერიოზულად შეუყენებს წყალს.
რუსეთი საუკუნეებია დასავლეთს უცქერს ისე, როგორც მოხულიგნო ბიჭი თავის მშრომელ და გონიერ მეზობელს. ცდილობს დაამტკიცოს, რომ სწორედ მისი ცივილიზაციური მოდელია ჭეშმარიტი და რომ მეზობლის გონიერებასა და შრომაში რაღაც „ძალიან ცუდი“ იმალება
მართალია, საუდის არაბეთის ხელმძღვანელები დათანხმდნენ ნავთობის მოპოვების შეზღუდვის შესახებ მოლაპარაკებებს, მაგრამ, როგორც მსოფლიო მედიაში გაჟონა, ეს მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი ვენესუელის დათმობაზე დათანხმდა.
ამასთან, არც იმის ჯერა ვინმეს, რომ რუსეთი დაიცავს ხელშეკრულების პირობებს და იმ ზომით შეამცირებს ნავთობის მოპოვებას, რომელსაც ახალი ხელშეკრულება იგულისხმებს.
ამდენად, ნავთობის ფასების ომი ჯერ არ დამთავრებულა. დასავლეთმა, განსაკუთრებით აშშ-მ თუკი რაიმე იცის კარგად, პირველ რიგში ეს გაჭიანურებული „ცივი ომის“ უსაფრთხო წარმართვაა.
ნავთობის ფასების დაცემა პანდემიის თანხლებით რომ არ მომხდარიყო, რუსეთი უფრო იოლად გადაიტანდა პროცესებს. პანდემიამ მას დამატებითი მრავალმილიარდიანი ხარჯები გაუჩინა, რაც რუსული ხელისუფლების საერთაშორისო და საშინაო უნარიანობას მნიშვნელოვნად არყევს.
ნავთობის ფასების დაცემა პანდემიის თანხლებით რომ არ მომხდარიყო, რუსეთი უფრო იოლად გადაიტანდა პროცესებს. პანდემიამ მას დამატებითი მრავალმილიარდიანი ხარჯები გაუჩინა, რაც რუსული ხელისუფლების საერთაშორისო და საშინაო უნარიანობას მნიშვნელოვნად არყევს
- მსოფლიოში პანდემიის მძვინვარების ფონზე აშკარად იკვეთება ხან ღია და ხანაც ფარული დაპირისპირება აშშ-სა და ჩინეთს შორის. ასევე გაუგებრობები ევროპის ქვეყნებში და ევროპასა და აშშ-ს შორის.
დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დიდი ევრაზიული არეალის ევროპულ ნაწილში გეოპოლიტიკური გავლენებისათვის ბრძოლის ახალი ფაზაა გაჩაღებული და ეს ფაზა ისევ და ისევ კორონავირუსის პანდემიამ გახსნა.
მეტიც, ნათლად ჩანს, თუ როგორ ადავნებს თვალს მსოფლიო რა შედეგით დასრულდება არა მარტო აშშ-ჩინეთის პაექრობა.
მათივე მტკიცებით, ასეთ ვითარებაში საქართველოსათვის ორმაგ დატვირთვას იძენს თუ რომელი პოლიტიკური თუ კულტურული ცივილიზაცია მოექცევა პოსტ-პანდემიური სამყაროს „პირველ რიგში“.
თქვენი აზრით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ და სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს მისი მოქმედების სტრატეგია?
- მხოლოდ ამერიკელები არ აცხადებენ ჩინური საფრთხის შესახებ. იაპონელები საქმაოდ უხვად აფინანსებენ იმ კომპანიებს, რომლებიც თავიანთ წარმოებას ჩინეთიდან გამოიტანენ.
ამერიკელებმაც ანალოგიური რამ გადაწყვიტეს. ის გარემოება, რომ ჩინელები მალავდნენ და დღემდე მალავენ პანდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, შემდეგ კი სიტუაციით ისარგებლეს და ლამის უფასოდ ჩაიგდეს ხელში მათ ტერიტორიაზე განლაგებული ბევრი უცხოური წარმოება, მერე ამასაც არ დასჯერდნენ და დღესაც ავრცელებენ ინფორმაციას ვირუსის ამერიკული თუ ევროპული წარმომავლობის შესახებ, ბევრისთვის გამომაფხიზლებელი აღმოჩნდა.
მოკლედ რომ ვთქვა, ხდება ჩინეთის, როგორც ყველას წინააღმდეგ შეთქმულის პოზიციონირება. ეს კი უკვე საშუალო დროით პერსპექტივაში კარგს არაფერ უქადის ჩინურ ეკონომიკას. CNN-ის ინფორმაციით ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებათან შეთანხმების გარეშე. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს.
ხდება ჩინეთის, როგორც ყველას წინააღმდეგ შეთქმულის პოზიციონირება. ეს კი უკვე საშუალო დროით პერსპექტივაში კარგს არაფერ უქადის ჩინურ ეკონომიკას. CNN-ის ინფორმაციით ჩინეთის ხელისუფლებამ აკრძალა კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელისუფლებათან შეთანხმების გარეშე. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს
ჩინელები კულტურულად და პოლიტიკურად ყოველთვის იზოლირებულები იყვნენ მთელი დანარჩენი სამყაროსაგან. უფრო მეტიც, როგორც ვთქვი, დღევანდელი ჩინეთი მთელი დანარჩენი სამყაროს წინააღმდეგ შეთქმულად გამოიყურება.
ამასთან, მას წამყვანი როლის მოპოვება თითქმის მხოლოდ ეკონომიკური მექანიზმებით შეუძლია. მსოფლმხედველობრივი, პოლიტიკური და კულტურული თვალსაზრისით დანარჩენი სამყაროსათვის მას მხოლოდ კომუნიზმის ან ზერელე დაოსიზმისა თუ კონფუციანელობის შეთავაზება ძალუძს. ეს კი, დამეთანხმებით, სრულიადაც არ არის საკმარისი საიმისოდ, რომ დღევანდელი სამყაროს ლიდერად იქცე.
ჩინეთის ხელისუფლებას არ კომუნიზმის იდეალები დავიწყებიათ და არც მსოფლიო რევოლუციის იდეა. საბაზრო ეკონომიკა მათთვის მხოლოდ ინსტრუმენტია დაახლოებით ისე, როგორიც ნეპ-ი იყო 20-იანი წლების საბჭოთა ხელისუფლებისათვის. კომუნისტურ იდეოლოგიასა და საბაზრო ეკონომიკას შორის წინააღმდეგობა ავტორიტარული მეთოდებით გვარდებოდა.
თუ ამერიკელებისა და იაპონელების გადაწყვეტილება სერიოზულ მასშტაბებს მიაღწევს, ეს ჩინეთის ეკონომიკასა და სახელმწიფოებრივი მოდელის წინააღმდეგობრიობას გააშიშვლებს. კომუნისტური და თავისუფალი ეკონომიკის ანკლავებს შორის კონფლიქტი გარდუვალია.
თუ ამერიკელებისა და იაპონელების გადაწყვეტილება სერიოზულ მასშტაბებს მიაღწევს, ეს ჩინეთის ეკონომიკასა და სახელმწიფოებრივი მოდელის წინააღმდეგობრიობას გააშიშვლებს. კომუნისტური და თავისუფალი ეკონომიკის ანკლავებს შორის კონფლიქტი გარდუვალია
ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეერთებულ შტატებში თანდათან ძლიერდებოდა ჩინელების მიმართ ეჭვიანი დამოკიდებულება. ვრცელდებოდა ინფორმაცია მათ მიერ საიდუმლო ამერიკული ტექნოლოგიების მოპარვის, ჩინური მობილური ტელეფონებით მოსმენების სისტემის არსებობის შესახებ და ა.შ. Covid 19-მა ერთგვარად შეავსო და უფრო შთამბეჭდავი გახადა ეს სურათი.
რუსეთი კვლავ შეეცდება, ჩინეთი თავის სტრატეგიულ მოკავშირედ აქციოს. ჩინელებს სერიოზული ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ რუსებთან. პუტინი ცდილობს, ამ პრეტენზიების სიმწვავე სადაო ტერიტორიების ხანგძლივი იჯარით გადაცემის მეშვეობით გაანელოს. მაგრამ ფაქტია, რომ ჩინელებს ყოველთვის უჭირდათ თანასწორუფლებიანი პარტნიორობა სხვებთან.
„მზიქვეშეთს“ ჩინელები სამყაროს ცენტრად აღიქვამენ და არა ერთ-ერთად სხვებთან ერთად. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ცხადი გახდება, რომ მათთვის რუსეთიც მხოლოდ საშუალებაა და არა პარტნიორი და რუსებს მოუწევთ ამისთვის თვალის გასწორება.
ასეა თუ ისე, საერთაშორისო ცხოვრების პანორამა სერიოზულად იცვლება.
„მზიქვეშეთს“ ჩინელები სამყაროს ცენტრად აღიქვამენ და არა ერთ-ერთად სხვებთან ერთად. არც ისე დიდი ხნის შემდეგ ცხადი გახდება, რომ მათთვის რუსეთიც მხოლოდ საშუალებაა და არა პარტნიორი და რუსებს მოუწევთ ამისთვის თვალის გასწორება
რაც შეეხება ჩვენს სტრატეგიას, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ ჩვენისთანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად სუსტი ქვეყანა აქტიურად ჩაერთვება დიდი ქვეყნების დაპირისპირებაში. ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ევროპულ ცივილიზაციურ არჩევანსა და ნატოში გაწევრიანებაზე, მაგრამ ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე ფილიგრანული ტექნიკით უნდა გაკეთდეს, რათა ბრძოლის ეპიცენტრში არ აღმოვჩნდეთ. მოკლედ, პრაგმატიზმი და ეგოიზმი ჩვენც გვმართებს.
- ვხედავთ, რომ მსოფლიოში და მათ შორის ევროპაში პანდემიის მძვინვარების მიუხედავად ევროპაში მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალები არიან გააქტირებული ერთიანი ევროპის საწინააღმდეგო და ანტიგლობალისტური ლოზუნგებით.
ამ საქმეში მათ არც რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა ჩამორჩება. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდა ამ ბრძოლის ავანგარდშიც კია. სულ უფრო ნათლაც ჩანს, რომ რუსული პროპაგანდისტული მანქანა აღვივებს აზრს, რომ თითქოს ღია და თავისუფალი საზოგადოება მარცხდება ავტორიტარულთან დაპირისპირებაში და რომ სწორედ ავტორიტარიზმს შეუძლია ადამიანის საბაზისო - უსაფრთხოების უფლების რეალურად უზრუნველყოფა.
ამის მაგალითებად ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ ირიბად სახელდება ჩინეთი და თავად რუსეთი, სადაც დასავლური ცივილიზაციებისაგან განსხვავებით მმართველობის იმგვარი მოდელია, რომელიც მკაცრად კონტროლირებად ვერტიკალზეა დამოკიდებული და ბევრი თვალსაზრისით ძალიან ჰგავს მონღოლურ-თათრულ-რუსულ- საბჭოურ-ჩინური მმართველობის მოდელს.
არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დასავლური ცივილიზაციის მმართველობის მოდელი სერიოზულ კორექტივებს მოითხოვს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, დღევანდელ ვითარებაში რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ პანდემიებთან და ბიოლოგიური ომთან ბრძოლის საბაბით ბევრმა ქვეყანამ არჩევანი აშკარად გამოკვეთილი ტოტალიტარული მეთოდები ამჯობინოს?
- გლობალიზაცია ნიშნავს ერთიანი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული საკომუნიკაციო სივრცის ჩამოყალიბებას. თავისთავად ის არც ცუდია და არც კარგი ისევე, როგორც ნებისმიერი ბუნებრივი პროცესი.
სხვაა, რომ გარკვეული ჯგუფები, იდეოლოგიები და სხვ. ცდილობენ, თავის ჭკუაზე „მოათვინიერონ“ ის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო კორპორაციების მცდელობები, რამაც გააჩინა კიდეც დასავლური ანტიგლობალიზმი.
პირველ ეტაპზე ბუნებრივად გაჩნდა ტენდენცია, რომ გლობალიზაცია კულტურული და რელიგიური სინგულარობების უკანა პლანზე გადასვლის თანხლებით მომხდარიყო და არადასავლური კულტურის ქვეყნებში მწვავე რეაქციას სწორედ ეს იწვევდა და იწვევს. ასეა თუ ისე, გლობალიზაციის მექანიზმებიც და მოსალოდნელი შედეგებიც ახლა იხვეწება.
რაც შეეხება მმართველობის მოდელს - სამაგიეროს რას სთავაზობს რუსეთი დანარჩენ სამყაროს? სთავაზობს მმართველობის არქაულ მოდელს, რომლის ძირებიც შუამდინარულ ცივილიზაციასაც კი სწვდება. გაიხსენეთ, რომ ლენინის მავზოლეუმი შუამდინარული საკულტო შენობების, ზიკურატების არქიტექტურის ანალოგიით არის აგებული, სთავაზობს კოლექტიური ინტერესების პრიმატს ადამიანის ინტერესებთან მიმართებაში, სთავაზობს მესამე რომის იდეას, რომელიც იმასაც გულისხმობს, რომ ევროპული ცივილიზაციის მთელი გზა დაწყებული შუა საუკუნეების ევროპით, გაგრძელებული რენესანსით, ახალი დროით და ა.შ. რაც მხოლოდ შეცდომებისა და ბოროტების გზა იყო.
რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთის მიერ კაცობრიობისათვის შეთავაზებული ცივილიზაციური მოდელი, გარდა პათეტიურად წარმოთქმული სიტყვებისა - სულიერება, რწმენა და ა.შ. ერთხელ მათ უკვე სცადეს, კაცობრიობის პოლიტიკური და სულიერი ლიდერები ყოფილიყვნენ, რასაც შედეგად სტალინიზმისა და მაოიზმის შექმნა მოჰყვა. სამწუხარო ისაა, რომ მათ, როგორც ჩანს, ვერაფერი ასწავლა საკუთარმა ისტორიამ.
რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთის მიერ კაცობრიობისათვის შეთავაზებული ცივილიზაციური მოდელი, გარდა პათეტიურად წარმოთქმული სიტყვებისა - სულიერება, რწმენა და ა.შ. ერთხელ მათ უკვე სცადეს, კაცობრიობის პოლიტიკური და სულიერი ლიდერები ყოფილიყვნენ, რასაც შედეგად სტალინიზმისა და მაოიზმის შექმნა მოჰყვა. სამწუხარო ისაა, რომ მათ, როგორც ჩანს, ვერაფერი ასწავლა საკუთარმა ისტორიამ
რაც შეეხება მმართველობის მოდელს - ის, რასაც დღევანდელი რუსეთი ან ჩინეთი სთავაზობენ დანარჩენ სამყაროს, თანამედროვეობისათვის უკვე ერთგვარი პოლიტიკური „ხის რკინაა“. პუტინის მიერ დეკლარირებული ე.წ. „სუვერენული დემოკრატია“ სხვა არაფერია, თუ არა არჩეული თვითმპყრობელის იდეა. ის ჯერ კიდევ იულიუს კეისრის ეპოქიდან პოვებს სათავეს. იმპერატორთა ეპოქა რომში სწორედ ასეთ „სუვერენულ დემოკრატიას“ წარმოადგენდა. დღესაც მას ხშირად მიმართავენ საზოგადოებები, რომლებსაც თანამშომლობისა და დიალოგის დაბალი კულტურა აქვთ.
ის, რასაც დღევანდელი რუსეთი ან ჩინეთი სთავაზობენ დანარჩენ სამყაროს, თანამედროვეობისათვის უკვე ერთგვარი პოლიტიკური „ხის რკინაა“. პუტინის მიერ დეკლარირებული ე.წ. „სუვერენული დემოკრატია“ სხვა არაფერია თუ არა არჩეული თვითმპყრობელის იდეა. ის ჯერ კიდევ იულიუს კეისრის ეპოქიდან პოვებს სათავეს. იმპერატორთა ეპოქა რომში სწორედ ასეთ „სუვერენულ დემოკრატიას“ წარმოადგენდა. დღესაც მას ხშირად მიმართავენ საზოგადოებები, რომლებსაც თანამშომლობისა და დიალოგის დაბალი კულტურა აქვთ
მკაცრი ვერტიკალის არსებობა საკმაოდ ეფექტურია სასაზღვრო სიტუაციებში - ამიტომაცაა საგანგებო მდგომარეობა, როგორც გამონაკლისი შემთხვევა, ყველაზე დემოკრატიული ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული.
ამასთან, როდესაც მმართველებს გაუტკბებათ ხოლმე ეს მკაცრი ვერტიკალი, ისინი ხელოვნურად იწყებენ სასაზღვრო სიტუაციის შექმნას, რათა თავისი მმართველობა გაამართლონ. სწორედ ეს ხდება რუსეთშიც, ჩინეთშიც, ირანშიც, ჩრდილო კორეაშიც. ასეთი მმართველები ომზეც შეიძლება წავიდნენ თავისი მდგომარეობის გასამართლებლად.
აღმოსავლეთ უკრაინის ფაქტობრივმა ოკუპაციამ რუსეთს ზარალის მეტი არაფერი მოუტანა ეკონომიკური მდგომარეობის თუ საერთაშორისო ავტორიტეტის აზრით, მაგრამ სამაგიეროდ გაამყარა პუტინის საშინაო მდგომარეობა.
- ახლა კარგი იქნება თუ საუბარს საშინაო საქმეებზე საუბრით გავაგრძელებთ. ფაქტია, რომ ხელისუფლება ჩვენი მედიკოსების აქტიური ჩართულობით მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს პანდემიასთან ბრძოლას.
ყველა კი ამბობს რომ საქართველოში პანდემიის პიკი ჯერ კიდევ წინ გვაქვს, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, ქვეყანას აქვს შანსი ეს პიკიც მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით დაძლიოს. ნაკლებ დანაკარგებში ადამიანებს ვგულისხმობ და არა ეკონომიკას.
თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის ბრძოლის თვალსაზრისით ხელისუფლების ქმედებას?
- ეპიდემიის დაწყებისთანავე დღევანდელმა ხელისუფლებამ გადადგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი - ინიციატივა პროფესიონალებს გადააბარა. მე მაინც ერთ რამეს აღვნიშნავდი.
როგორი ზუსტი ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ, არაფერი გამოვა, თუ ამას საზოგადოების მზაობა და სიმწიფე არ დახვდა. როგორც ჩანს, განვლილმა ოცდაათმა წელმა ფუჭად არ ჩაიარა და ჩვენში გაიღვიძა იმ გენეტიკურმა კოდმა, რომელმაც უმძიმესი საუკუნეები გამოგვატარა. აღმოჩნდა, რომ განვლილმა წლებმა ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი ჯანსაღი ჩვევა გაგვახსენა.
როგორი ზუსტი ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ხელისუფლებამ, არაფერი გამოვა, თუ ამას საზოგადოების მზაობა და სიმწიფე არ დახვდა. როგორც ჩანს, განვლილმა ოცდაათმა წელმა ფუჭად არ ჩაიარა და ჩვენში გაიღვიძა იმ გენეტიკურმა კოდმა, რომელმაც უმძიმესი საუკუნეები გამოგვატარა. აღმოჩნდა, რომ განვლილმა წლებმა ბევრი რამ გვასწავლა და ბევრი ჯანსაღი ჩვევა გაგვახსენა
საზოგადოება, რომელმაც რუსული მმართველობის განმავლობაში უარყოფითი სელექციის საუკუნეები გამოიარა, თანდათან საკუთარ თავს პოულობს. ადრე თუ ჩვენი საზოგადოების კოლექტიური ნება სამიტინგო აჟიოტაჟში თუ ჩანდა, დღეს რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ. ჩვენ მსწავლელი ხალხი ვართ და სწორედ ეს შექმნის ჩვენს მომავალს.
დღეს ჩვენ ვიწამეთ, რომ, თურმე, შეგვძლებია საკუთარი თავის პატრონობა, რომ საკმარისი ზნეობრივი და რაციონალური ძალები გვქონია, მოკლედ, მოვიპოვეთ რწმენა, რომელიც ადრე არა გვქონდა და თუკი გვქონდა, ჩვენი ჩრდილოელი „კეთილი მეზობელი“ თავისი საცეცების მეშვეობით საწინააღმდეგოში ცდილობდა ჩვენს დარწმუნებას. და თუკი პანდემიას რაიმე სიკეთე შეიძლება მოჰყვეს, სწორედ ესაა.
ეს კი, დამიჯერეთ, მნიშვნელოვან კვალს დაამჩნევს ჩვენი ცხოვრების ყველა მხარეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ დღეს, კრიზისის დროს ჩვენს რაციონალურ და გაწონასწორებულ ქცევას ჩვენთვის საერთაშორისო კაპიტალი მოაქვს, რაც პოსტპანდემიურ ვითარებაში ძალზე გვიშველის.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღევანდელ დღეს, კრიზისის დროს ჩვენს რაციონალურ და გაწონასწორებულ ქცევას ჩვენთვის საერთაშორისო კაპიტალი მოაქვს, რაც პოსტპანდემიურ ვითარებაში ძალზე გვიშველის
- ვხედავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს პანდემიის გამო ეკონომიკური ზარალის დასაძლევად გარკვეული ნაბიჯების გადადგმას. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ბევრი საუბრების მიუხედავად, ქვეყანას ჯერჯერობით არ აქვს ანტიკრიზისული გეგმა.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდო, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ ხელისუფლებას აშკარად აყოვნებს ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენას?
- მსოფლიოს ეკონომიკური რელიეფი ისე სწრაფად იცვლება, რომ სრულყოფილი გეგმის შექმნა ახლა რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის. ამასთანავე, არსებობს ეკონომიკური ცხოვრების რაღაც ასპექტები, რომელთა მიხედვასაც არ უნდა ლოდინი და აქამდეც უნდა მიგვეხედა.
მსოფლიოს ეკონომიკური რელიეფი ისე სწრაფად იცვლება, რომ სრულყოფილი გეგმის შექმნა ახლა რთულია, თუმცა შეუძლებელი არ არის. ამასთანავე, არსებობს ეკონომიკური ცხოვრების რაღაც ასპექტები, რომელთა მიხედვასაც არ უნდა ლოდინი და აქამდეც უნდა მიგვეხედა
პირველ რიგში საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ვგულისხმობ. ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ან შეწყვიტა სასოფლო სამეურნეო და საკვები პროდუქტების ექსპორტი. თუ ამ სფეროს სასწრაფოდ და ენერგიული ღონისძიებებით არ მივხედავთ, ძალიან რთულ დღეში შეიძლება აღმოვჩნდეთ. პანდემიის შემდგომ დამდგარი სინამდვილე აღარ გვაპატიებს ათიათასობით დაუმუშავებელი ჰექტრის არსებობას. დაუმუშავებელი მიწა არ არის მხოლოდ მისი პატრონის პრობლემა, ეს ეროვნული პრობლემაა.
ანტიკრიზისული გეგმა ფართო კონსესუსს უნდა ეფუძნებოდეს. ხელისუფლების დღევანდელი წარმატებას ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ ის არ განაწყობს მას ამგვარი კონსესუსის საძიებლად.
ანტიკრიზისული გეგმა ფართო კონსესუსს უნდა ეფუძნებოდეს. ხელისუფლების დღევანდელი წარმატებას ის უარყოფითი მხარე აქვს, რომ ის არ განაწყობს მას ამგვარი კონსესუსის საძიებლად
ამ ოცდაათი წლის წინ ჩამოყალიბებული ტრადიციის მიხედვით ჩვენში კონსესუსისა და თანხმობის ძიება სისუსტედ აღიქმება. არადა, დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორედ ამას ელის ჩვენი პოლიტიკოსებისაგან.
„ლელომ“ რამდენიმე განცხადებით სცადა პირველი ნაბიჯი გადაედგა. ბოლო განცხადებაში საკმაოდ ზუსტად ჩამოაყალიბეს ყველა ის კითხვა, რაც ხელისუფლების მიმართ ჩნდება, თუმცა, ამასთანავე მასთან თანამშრომლობის მზაობასაც გამოხატავენ.
სრულიად ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ დღეს ძალიან კარგი მომენტია, იაპონელებს ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შევთავაზოთ. და თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამაზე, ეს ან იმის ნიშანი იქნება, რომ მას სხვისი აზრის გაზიარება სისუსტის ნიშნად მიაჩნია, ან მართალია ის რუსეთთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდებას უკავშირდება.
სრულიად ვეთანხმები იმ აზრსაც, რომ დღეს ძალიან კარგი მომენტია, იაპონელებს ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა შევთავაზოთ. და თუ ხელისუფლება უარს იტყვის ამაზე, ეს ან იმის ნიშანი იქნება, რომ მას სხვისი აზრის გაზიარება სისუსტის ნიშნად მიაჩნია, ან მართალია ის რუსეთთან დაკავშირებული ეჭვები, რომლებიც ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაგდებას უკავშირდება
სიტყვამ მოიტანა და დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ „ლელოს“ დამკვიდრება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე სრულიად აუცილებელია. მაგრამ მან თავი უნდა დააღწიოს „პოლიტიკური ხუთოსნის“ როლს. თუ პოლიტიკოსი ცოტა მაინც „ცუდი ბიჭი“ არ არის, ის ვერ მიაღწევს წარმატებას. ეს ასე განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი და, მითუმეტეს, ასეა ჩვენთანაც. არ ვგულისხმობ სააკაშვილის სტილის ჰიპერტროფირებულ პიარს.
სიტყვამ მოიტანა და დღესაც იმ აზრზე ვარ, რომ „ლელოს“ დამკვიდრება ჩვენს პოლიტიკურ სივრცეზე სრულიად აუცილებელია
ცხადია, პოლიტიკურმა შოუმენმა არ უნდა აჯობოს პროფესიონალს. ჩვენს პოლიტიკაში დღესაც ორი უკიდურესობაა - ან პოლიტიკური შოუმენობა, ან „დავარცხნილი“ პროფესიონალიზმი. ამ ორის სინთეზს მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.
- ფაქტია, რომ პანდემიისა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო პოლიტიკურმა ცხოვრებამ და პოლიტიკურმა ბრძოლამ უკანა პლანზე გადაიწია. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველივე დღეებიდან ნათლად გამოჩნდა, რომ პასუხიმგებლობის მქონე ოპოზიცია შეეცადა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლას.
ზოგმა ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავების ფარგლებში გარკვეული წინადადებები შესთავაზა. მეორე ნაწილმა გამოთქვა სურვილი მონაწილეობა მიეღო საზღვარგარეთიდან ემიგრანტების დაბრუნებაში, სხვები ცდილობდნენ ამა თუ იმ აქტუალურ თემებზე საჯაროდ გამოეთქვათ მოსაზრებები თუ რისი გაკეთება იქნებოდა უფრო კარგი და მომგებიანი.
- ვხედავთ, რომ პანდემიის პირობებშიც ვერ შედგა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა-ის ფორმების მოძებნა. თქვენ როგორ დაახასიათებდით პანდემიის პირობებში საქართველოს შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებს?
- „ნაცმოძრაობამ“ მოსინჯა, ჩვეულ რეჟიმში გაეგრძელებინათ ხელისუფლების კრიტიკა და ამას ადამიანებში მკვეთრი უკმაყოფილება მოჰყვა. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ სასაზღვრო სიტუაციებში მოსახლეობა ამჯობინებს, ნდობა გამოუცხადოს ხელისუფლებას.
საქმე ისიც არის, რომ, როგორც უკვე ვთქვი, ხელისუფლებამ გადადგა ძალზე მომგებიანი ნაბიჯი - კრიზისის სამედიცინო ასპქექტების პროექტირება და მართვა პროფესიონალებს მიანდო.
გავიხსენებდი, 2008 წელს ხშირად ვინ კისრულობდა სამხედრო ოპერაციების მართვას და რამდენი შემთხვევა იყო, რომ ბრძანებებს იძლეოდნენ ადამიანები, ვისაც მანამდე ომობანაც არ ეთამაშათ.
ყველა შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, ხელისუფლება პოლიტიკურ ქულებს აგროვებს. რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ეს აწუხებს, მაგრამ ვერ მოუძებნია თავისი ადგილი ამ სიტუაციაში. აღმოჩნდა, რომ აპოკალიფტური განწყობების გაღვივება საქართველოში სულ უფრო და უფრო ძნელდება და ეს ჩვენი ისტორიული მონაპოვარია.
ყველა შემთხვევაში, დღევანდელი მოცემულობით, ხელისუფლება პოლიტიკურ ქულებს აგროვებს. რადიკალურ ოპოზიციას სწორედ ეს აწუხებს, მაგრამ ვერ მოუძებნია თავისი ადგილი ამ სიტუაციაში. აღმოჩნდა, რომ აპოკალიფტური განწყობების გაღვივება საქართველოში სულ უფრო და უფრო ძნელდება და ეს ჩვენი ისტორიული მონაპოვარია
მოქალაქე დღეს უკეთ ხვდება, სადაა ხელისუფლების კრიტიკა და სად - ფსევდორევოლუციური პოლიტიკური შოუ.
ახლა რაც შეეხება ხელისუფლებას - პრემიერ-მინისტრი რომ ადექვატურია დღევანდელი სიტუაციისა, ამაში თითქმის ყველა ვთანხმდებით. ისიც აშკარაა, რომ ამით ბევრი მოინდომებს სარგებლობას.
ორ-სამ თვეში, როდესაც პანდემიის საფრთხე გადაივლის, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით იმ მძიმე მდგომარეობის წინაშე რომლისკენაც ეკონომიკა მიექანება და, ეჭვი მაქვს, იმასაც აღმოვაჩენთ, თუ სიტუაციით როგორ უსარგებლიათ ზოგიერთებს.
ორ-სამ თვეში, როდესაც პანდემიის საფრთხე გადაივლის, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით იმ მძიმე მდგომარეობის წინაშე რომლისკენაც ეკონომიკა მიექანება და, ეჭვი მაქვს, იმასაც აღმოვაჩენთ, თუ სიტუაციით როგორ უსარგებლიათ ზოგიერთებს
„სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელის მუშაობის შეჩერება და ზოგი სხვა რამ აჩენს ეჭვს, რომ მავანნი და მავანნი სარგებლობენ სასაზღვრო სიტუაციით, იმ ნდობით, რომელსაც დღეს პრემიერს უცხადებს რიგითი მოქალაქე და ცდილობენ ახლებურად გადაალაგონ პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრება.
ისიც ნიშნეულია, რომ კვლავ წამოტივტივდა მარიჰუანას კულტივირების თემა. მოკლედ, სასაზღვრო სიტუაცია განელდება და რამდენიმე თვეში ხელისუფლებას კვლავ ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა.
- ფაქტია, რომ რაც უფრო მალე და სრულად გაიხსნება გულახდილი დისკუსია პრობლემებზე და მათი დაძლევის გზებზე, მით უკეთესი, რადგან შესაძლოა გაჩნდეს შესაძლებლობა პანდემიით გამოწვეული პრობლემების, საფრთხეებისა და გამოწვევებიდან გზის ჯერ საპოვნელად და შემდეგ დასაძლევად.
იმის გათვალისწინებით, რაც დღეს შიდა პოლიტიკაში ხდება, მწვავე დაპირისპირების მიუხედავად რა პესპექტივები შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის სასიკეთოდ მმართველი გუნდისა და ძირითად ოპოზიციურ ძალებს შორის თანამშრომლობას?
- პოლიტიკური დისკუსია დისკუსიის სუბიექტებს გულისხმობს. ჯერჯერობით სულ ორიოდე პოლიტიკური ძალაა საამისოდ მზად. დანარჩენები დისკუსიას უცქერენ, როგორც ოპონენტების განადგურების საშუალებას.
მთავარი ისაა, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები თანდათან საკუთარი თავის პატრონობას ვსწავლობთ და ეს სხვებზე უარესად არ გამოგვდის. პოლიტიკური კლასიც იძულებული გახდება, აღიაროს, რომ საქმე აღარ აქვს იმ გულუბრყვილო ადამიანებთან, ასე იოლად რომ აბურთავებდა სამიტინგო-რევოლუციური განწყობების შექმნით
ამ სიტუაციაში საზოგადოების ხმამ უნდა მოახდინოს გავლენა ჩვენს პოლიტიკურ კლასზე. საშუალება რომ მქონდეს, ოპოზიციურ პარტიებს ვურჩევდი, რომ ავტორიტეტის შესანარჩუნებლად ამ სიტუაციაში თავი აერიდებინათ „მთავრობა ყველაფერში ცდება“ ან „მთავრობა ყველაფერს ტყუის“ პოზიციისათვის.
დღეს მთავარი ის ჯანსაღი ძარღვია, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავში აღმოაჩინა. მთავარი ისაა, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები თანდათან საკუთარი თავის პატრონობას ვსწავლობთ და ეს სხვებზე უარესად არ გამოგვდის. პოლიტიკური კლასიც იძულებული გახდება, აღიაროს, რომ საქმე აღარ აქვს იმ გულუბრყვილო ადამიანებთან, ასე იოლად რომ აბურთავებდა სამიტინგო-რევოლუციური განწყობების შექმნით.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი