საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს მივაწოდეთ ინფორმაცია მათთვის აქტუალურ საკითხებზე, იურიდიულ, სამედიცინო თუ სხვა სერვისებზე, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საპარლამენტო კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კითხვებს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოსა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში ეცნობა ინფორმაციას.
,,ჩვენი საერთო სურვილი იყო, რომ ეს ინფორმაცია ცნობილი გამხდარიყო უფრო ფართო აუდიტორიისათვის, მით უმეტეს რომ გაიზარდა და დაგროვდა იმ შეკითხვების რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით აქტუალურია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისათვის. სწორედ ამისათვის იყო შექმნილი ეს პლატფორმა“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
მან მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელებს, შეხვედრაში მონაწილეობისთვის.
,,უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელებს აქ მობრძანებისათვის და იმ კითხვებზე პასუხის გაცემისათვის, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის 40-ზე მეტი ქვეყნიდან“,- განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.