საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს პრემიერ- მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართულ ვიდეოკონფერენციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ევროკავშირის ურყევი და შეუქცევადი მეგობრობა დადასტურებულია არა მხოლოდ სიტყვებით და დეკლარაციებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით.
„საქართველოს პრემიერ მინისტრს ჰქონდა უაღრესად საინტერესო და შინაარსიანი საუბარი. აპრილის თვეში იყო დაგეგმილი მისი ვიზიტი ბრიუსელში, მაგრამ პანდემიის გამო ყველა ვიზიტი გადადებულია. მნიშვნელოვანია, რომ შედგა პირდაპირი ვიდეოკონფერენცია პრემიერ-მინისტრსა და ევროკომისიის პრეზიდენტს შორის, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული. იყო ძალიან შინაარსიანი საუბარი. ქალბატონმა ფონ დერ ლაიენმა ახსენა, რომ საქართველოს ევროკავშირის სახით ჰყავს ყველაზე ახლო მეგობარი. ჩვენი მეგობრობა არის ურყევი, შეუქცევადი და ეს არის დადასტურებული არა მხოლოდ სიტყვებით და დეკლარაციებით, არამედ ქმედებით. საქართველოს მთავრობის, უშუალოდ პრემიერ- მინისტრის ჩართულობით. ყველა სამინისტროს და სტრუქტურის აქტიური მონაწილეობით, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკის, აქტიური მონაწილეობით შესაძლებელი გახდა, რომ საქართველომ მოიპოვა უპრეცედენტო მხარდაჭერა ფინანსური რესურსის თვალსაზრისით და აქ ევროკავშირის წილი არის უაღერსად მნიშვნელივანი", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ევროკავშირის უპრეცედენტო ფინანსური დახმარება ევროპული სოლიდარობის გამოვლენის საუკეთესო მაგალითია.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოს და ევროკავშირის ევროპული სოლიდარობის გამოვლენის საუკეთესი მაგალითი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ ის ანტიდასავლური განწყობილებები, რომელსაც ფართოდ ავრცელებენ საზოგადოებაში, გავაქარწყლოთ" , - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის განცხადებით, ვიდეოკონფერენციისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. ევროკომისიის ახალმა პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი სიტუაციის მიუღებლობა.
"ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ევროკავშირისგან, ამერიკის შეერთებული შტატებისგან, პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან და ის განცხადებები, რომლებიც იქნება ასევე მომავალში, მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ისე როგორც მანამდე, ერთიანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში და ეს მხარდაჭერა კიდევ უფრო მკაფიო და ძლერი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.