ამირან გამყრელიძე - პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში - გთხოვთ, გავიჭირვოთ ეს და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო

წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ მოგვცა შედეგი , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიღებული ზომების გამკაცრების საკითხი, საზოგადოების ქცევაზე იქნება დამოკიდებული.

„შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება არის საკოორდინაციო საბჭოს გადასაწყვეტი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ საკითხში გამოდის მხოლოდ მრჩევლის როლში. ჩვენ და კიდევ სხვა ორგანიზაციები რეკომენდაციებს ვიძლევით და ხდება მათი შეჯერებით გადაწყვეტილებების მიღება. მინდა მოსახლეობამ გაიგოს და მოდით პირდაპირი ვიტყვი: ბოლო სამი თვის ანალიზმა გვიჩვენა, რომ შეცდომა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ დაშვებულა. თითქმის ყველა გადაწყვეტილება, დაწყებული საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან, ფრენების შეჩერება, სწავლის შეჩერება, დისტანციური სწავლება, არასასურსათო მაღაზიების დახურვა, დიდი თავშეყრის ადგილების დახურვა, იყო სწორი.

კარგად მესმის, რომ რთულია მოჭერითი ღონისძიებები, მაგრამ ეს ახალი ველოსპედი არ არის. ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც უკვე დაიწყო გამოსვლა სიტუაციიდან, გაიარა ეს გზა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ისევ აღმავალ მრუდზე ვართ, მაგრამ ჩვენი მრუდი საბედნიეროდ არ არის ციცაბო და ეს თქვენი, მოსახლეობის დამსახურებაა და მადლობა, რომ მხარი დაუჭირეთ მთავრობას. გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ისმის კრიტიკა. წინა კვირაში გაჟღერებული რეკომენდაციების კარგმა შესრულებამ, რომელიც ხანდახან უჩვეულოდ მძაფრი ტონით ჟღერდებოდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან, ჩემი მხრიდან, დამერწმუნეთ, მოგვცა შედეგი. შედეგი არის ის, რომ მრუდი ციცაბო არ არის და არ გვაქვს დიდი ნახტომი. გვაქვს გლუვი ზრდა და ზრდა კიდევ გვექნება“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მომდევნო ორი-სამი კვირა იქნება რთული და პიკური, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში ინფიცირებულთა რიცხვი ბევრით არ გაიზრდება.

„პიკი იანგარიშება შიდა გავრცელების დაწყებიდან მეექსვე-მერვე კვირაზე. ჩვენთან შიდა გადაცემა დაიწყო 22 მარტს. ახლა ვართ მეხუთე კვირაზე. ამიტომ ვამბობთ, რომ მომავალი 2-3 კვირა იქნება რთული. მე დიდი იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო შემზღუდავი ღონისძიებების გატარება ქვეყანას აღარ მოუწევს და ამის ერთადერთი პირობაა, რომ ჩვენ პატიოსნად შევასრულოთ მთავარი სლოგანი და დავრჩეთ სახლში. დავიცვათ სოციალური დისტანცია. არ იყოს ის, რაც გვიყვარს და გვახასიათებს ქართველებს: დიდი შეკრებები ოჯახსა და მეგობრებში. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ გავიჭირვოთ ეს კვირა და მომავალი კვირა და ვნახავთ, რომ შემზღუდავი ღონისძიებები აღარ იქნება საჭირო“ , - დასძინა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო