მაია ცქიტიშვილი - კრიზისული ეკონომიკური პაკეტი ორიენტირებულია მოქალაქეთა პირველადი და აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებაზე

ჩვენ ყველას გვჭირდება გვქონდეს შემოსავალი იმისათვის, რომ ვიარსებოთ და ღირსეული ცხოვრების პირობები ჰქონდეთ ჩვენს ოჯახებსაც, მაგრამ მოდით ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენ დღეს ვებრძვით ვირუსს და მათ შორის ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ახლობლების სიცოცხლე. სამწუხაროდ, გარდაცვალების 5 შემთხვევიდან უმეტეს ნაწილს ვირუსი შეხვდა სწორედ მათი ოჯახის წევრებისგან და ეს არის სამწუხარო რეალობა , -ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ვაქცინის, ან კონკრეტული მედიკამენტის არსებობამდე სახლში დარჩენა არის ექიმების დანიშნულება, რაც არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენი ახლობლების ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენის საშუალებაა.

„თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ თუ შემოსავალი არ ექნება ჩვენს მოსახლეობას, ძალიან ბევრ პრობლემას წააწყდება, რაც, მათ შორის, შეიძლება ჯანმრთელობაზეც აისახოს. სწორედ ამაზე იყო მიმართული ის პირველი ზომები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, რომ ჩვენ მოქალაქეებს მოვუხსენით პირველადი პრობლემები, რომელიც ეხებოდა თუნდაც სესხების გადახდის გადავადებას, კომუნალური გადასახადების გადავადებას და ეხლა უკვე შევთავაზებთ დამატებით პაკეტს“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლების კრიზისული ეკონომიკური პაკეტი ორიენტირებულია პირველადი და აუცილებელი საჭიროების დაკმაყოფილებაზე, რაც მოქალაქეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათი პრობლემები გადალახვაში დაეხმარება.

„რა თქმა უნდა მე მესმის ის წუხილიც, რომ თითოეული ადამიანის დახმარება შევძლოთ. მოდით ესეც გავიაზროთ, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბევრი პრობლემა ჰქონდა "კოვიდ 19"- ის გარეშეც და მათ შორის ბევრი ჩვენი თანამოქალაქე საკმაოდ მომჭირნედ ცხოვრობდა, ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს, ბევრ ადამიანს თუნდაც თვითდასაქმებით უწევდა ოჯახის შენახვა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით , რომ ვუპასუხოთ ყველა ამ ჯგუფის პირველად საჭიროებებს და შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ ამ პაკეტსაც კრიზისულ პაკეტს ვეძახით“,- აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, სახიფათოა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ის იაფასიანი პოპულიზმი და 1000 ლარიანი დახმარებების შეთავაზება, რასაც არავითარი საფუძველი არ აქვს, ეკონომიკა ვერ გაუძლებს და თეორიულადაც შეუძლებელია.

ამასთან, ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა უკვე მუშაობს პოსტკრიზისულ პაკეტზე.

„ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ საკმაოდ რეალისტები, დავრჩეთ იმ რეალური შესაძლებლობების ფარგლებში, რასაც გვაძლევს ჩვენი ეკონომიკა, ბიუჯეტი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალიან დიდი და მძლავრი მხარდაჭერა. დაწყებული გვაქვს მუშაობა იმაზე, რომ შემდგომში უკვე პოსტკრიზისული პაკეტი შევთავაზოთ ბიზნესს, რათა მათ კიდევ გააფართოვონ საქმიანობა, დააბრუნონ ადამიანები სამსახურში, რომელთა გაშვება მათ უკვე მოუწიათ, აღუდგინონ ხელფასი იმ ადამიანებს, ვისი ხელფასის შემცირებაც შესაძლოა, დღეს მოუწიათ და შესაბამისად, გაზარდონ ეკონომიკური აქტივობა იმისათვის, რომ კვლავ დაასაქმონ ადამიანები, კვლავ შეუქმნან ადამიანებს შემოსავლის მიღების საშუალება და სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა“,- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, რომლის კომენტარსაც სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს