სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული, შეძლებს უმარტივესი გზით დაადასტუროს თავისი საქმიანობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, სოციალური დახმარების გასაცემად საკმარისი იქნება ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რაც ადასტურებს, რომ ამ ადამიანებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდათ.
„თვითდასაქმებულების, არაფორმალურად დასაქმებულების აღრიცხვიანობა, რა თქმა უნდა, პრობლემაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დასაქმებული, მიუხედავად იმისა, რამხელა ხელფასს იღებს, გადასახადებს უნდა იხდიდეს, მაგრმ ჩვენ გვესმის, რომ ახლა კრიზისულ მდგომარებაში ვიმყოფებით. ახლა ვართ ფაქტობრვად ომში, ამიტომ ჩვენ ამ პრინციპით ადამიანებს არ გავარჩევთ. თუმცა არ იქნება მარტივი. ამიტომ სოციალური დახმარების სააგენტოს აქვს პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც არაფორმალურად დასაქმებული, შეძლებს უმარტივესი გზით დაადასტუროს თავისი საქმიანობა. ეს შეიძლება იყო მაგალითად, დამლაგებლისთვის იმ ორგანიზაციიდან წერილი, სადაც ის ალაგებდა; მოვაჭრისთვის იმ ბაზრობის ადმინისტრაციის წერილი, სადაც ის შრომობდა, მძღოლისთვისაც მსგავსი რამ; ასევე, რაიმე სახის გადასახადები საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს ელემენატრულად, რომ ამ ადამიანებს 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავალი უფიქსირდებოდა. ჩვენთვის ესეც საკმარისი იქნება, რომ სოციალური დახმარება გავცეთ. რადგან გვესმის, რომ პანდემია არის გლობალური გამოწვევა და ქვეყანაში სოციალურად მძიმე ფონი შეიქმნა არაფორმალურ სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვისაც, ამიტომ ესეთი ელემენტარული დოუმენტები საკმარის იქნება იმისთვის, რომ სოციალური დაცვის სააგენტომ გაითვალისწინოს და დახმარება გასცეს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.