გია ხუხაშვილი - მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, მთავრობის მიერ გუშინ წარმოდგენილი გეგმა არის არა ეკონომიკური, არამედ სოციალური და მას ეკონომიკის სტიმულირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

როგორც ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პროექტი ბევრად უკეთესად განხორციელდებოდა, თუ ის ბიზნესთან კოოპერაციაში იქნებოდა.

მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარდგენილ გეგმაში ზოგიერთი საკითხი კორუფციის რისკებს ზრდის.

„სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ ელიტას ზუსტი გაგება არ აქვს, რა არის ეკონომიკური გეგმა და რა არის სოციალური. ეს არის მთლიანად სოციალური პაკეტი. ეკონომიკის სტიმულირებასთან ამ გეგმას არანაირი კავშირი არ აქვს ორი მცირე გამონაკლისის გარდა. ერთი გახლავთ საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება შენარჩუნებულ სამუშაო ადგილებზე და მეორე დღგ-ს ავტომატური დაბრუნება. დანარჩენი, რაც ამ პაკეტში მოცემულია, არის წმინდა წყლის სოციალური პროექტები. მე არ დავიწყებ კრიტიკას, რომ მეტის გაკეთება იყო საჭირო. გასაგებია, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ მწირი შესაძლებლობები და აქედან გამომდინარე, პოპულისტური რიტორიკა რაც ისმის, რომ 200 ლარი კი არა, 1000 ლარი უნდა მიეცათ, არც თუ ობიექტურია, თუმცა ამ პაკეტის ფარგლებშიც კი შეეძლო ხელისუფლებას, რომ ამ პროექტისთვის მიეცა ეკონომიკური მიმართულება. მაგალითად, 200-ლარიანი პაკეტი რომ ავიღოთ, იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა. მე ვფიქრობ, რომ ამ სახით არ უნდა მომხდარიყო, ჯობდა ამ პროექტისთვის ბიზნესთან ერთობლივი პროექტის სახე მიეცათ და ამას რამდენიმე პლუსი ექნებოდა. მენეჯმენტში გააიოლებდა საქმეს და უფრო გამჭვირვალე იქნებოდა, კორუფციული რისკებისგან დაზღვეული იქნებოდა. ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა. სამწუხაროდ, აქ ეჭვები ჩნდება, რომ ხელისუფელბა საარჩევნო, წმინდა პოლიტიკურ პრიზმაში უყურებს საკითხს და ურჩევნია, რომ ადამიანებს ხელიდან ხელში მისცეს ფული და არა ბიზნესის გავლით. სამართავად ამ ტიპის პროექტები ძალიან რთულია და კორუფციული რისკი არის ძალიან მაღალი. ხელისუფლებამ რომ მოინდომოს თავისი 80 000 საარჩევნო კოორდინატორის ამ სიაში ჩაწერა და ამ ფულის ხარჯზე საარჩევნო სახსრების ირიბად გენერირება, კაცი ვერ გაიგებს, ასე იქნება თუ არა. მე არ ვამბობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ჩვენ ამის მძიმე გამოცდილება გვაქვს. ხელისუფლება თუ სახელმწიფოებრივ ამოცანებს ასრულებს, უნდა მოერიდოს იმ ტიპის პროექტებს, სადაც შეიძლება ისეთი კითხვები გაჩნდეს, სადაც დასაბუთებული პასუხის გაცემა ჭირს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიტიკურმა ინტერესმა არ უნდა დააზიანოს სახელმწიფოებრივი ინტერესი.

„მე ვფიქრობ, ზოგიერთ დეტალში პოლიტიკური ინტერესი დომინირებს სახელმწიფო ინტერესზე. ეს პროექტი შეიძლებოდა ბევრად უფრო უკეთესად და ეფექტურად განხორციელებულიყო, თუ ის იქნებოდა ბიზნესთან კოოპერაციაში განხორციელებული. გახარიას აქვს პოტენციალი იმისა, რომ ეფექტური გუნდი შეკრას, მაგრამ მას ხელ-ფეხი აქვს შეკრული იმიტომ, რომ როგორც ჩანს, გადაწყვეტილების მიღებისუნარიანი არ არის. მე მოვუწოდებდი ბიძინა ივანიშვილს, რომ ეს არაკომპეტენტური, მასთან აფილირებული მინისტრები გაიყვანეს თამაშიდან და მისცეს გახარიას საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ეფექტური გუნდი იმიტომ, რომ პრობლემები არის ძალიან ბევრი და არსებული გუნდით, რომელმაც ეჭვი მაქვს, განსხვავებაც არ იცის, რა არის სოციალური და რა არის ეკონომიკური და რა განსხვავებაა მათ შორის, ასეთი სერიოზული ამოცანების გადაწყვეტა ძალიან რთულია“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ინიციატივები გააჟღერა. როგორც პრემიერმა გეგმის წარდგენისას განაცხადა, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით საზოგადოების სხვადასხვა ნაწილის დახმარებაა გათვალისწინებული, მათ შორის მთავრობა ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში 1200 - თვეში 200 ლარით დაეხმარება, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს კი, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად 300 ლარს ჩაურიცხავს. გარდა ამისა, სახელმწიფო 600 ლარს გადაუხდის მრავალშვილიან და იმ ოჯახებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა. 600-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, რომლებიც აღნიშნულ დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ. ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით გათვალისწინებულია ასევე 2021 წლიდან პენსიის ზრდა, რომელიც ყველა პენსიონერისთვის 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ მყოფი პენსიონერებისთვის 25 ლარით გაიზრდება.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა ბიზნესის დახმარებასაც გულისხმობს. გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა ის კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილებს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის თქმით, მეწარმეების დახმარების მიზნით, ამოქმედდება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი.ასევე, მისი თქმით, წელს ბიზნესი დამატებით 600 მილიონ ლარს მიიღებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს