ბექა ლილუაშვილი - საქართველოს მთავრობა 3,5 მილიარდ ლარზე მეტ რესურსს გამოიყენებს, რათა ეფექტურად მართოს ეპიდემია, დაეხმაროს საზოგადოების ყველა ფენას კრიზისისას და მხარი დაუჭიროს ბიზნესს

საქართველოს მთავრობა დაახლოებით 3,5 მილიარდ ლარზე მეტ რესურსს გამოიყენებს, რომ პირველ რიგში, მოხდეს ეპიდემიის ეფექტური მართვა, მაქსიმალურად დავეხმაროთ საზოგადოების ყველა ფენას კრიზისის პერიოდში და დავეხმაროთ ბიზნესს, რომ მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მოქალაქეებზე ზრუნვის სოციალური პაკეტი, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა, 6 ძირითადი პროგრამული მიმართულებისგან შედგება.

„ეს არის სახელმწიფოს დახმარება ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა სამსახური და დარჩა შემოსავლის გარეშე. სახელმწიფო მათ მომდევნო 6 თვის განმავლობაში გადაუხდის ჯამში 1200 ლარის ოდენობის კომპენსაციას. მეორე კატეგორიაა თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოსგან ერთჯერადად მიიღებენ 300-ლარიან კომპენსაციას. გარდა ამისა, სახელმწიფო მიეხმარება ბიზნესს, რათა მაქსიმალურად შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები კრიზისის პერიოდში. ეს სუბსიდია ბიზნესისთვის გულისხმობს იმას, რომ ყველა დასაქმებულზე, რომელთა ხელფასი ნაკლებია 750 ლარზე, ბიზნესი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, ბიზნესი მიიღებს 150-ლარიან შეღავათს საშემოსავლო გადასახადზე ყველა იმ დასაქმებულისთვის, რომელთა ხელფასი ნაკლებია 1500 ლარზე. ამ ღონისძიებების გარდა, სახელმწიფო ეხმარება სოციალურად მოწყვლად ჯგუფებსაც. პირველ რიგში ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 ათასიდან 100 ათასამდეა, მიიღებენ 600-ლარიან კომპენსაციას საშუალოდ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში. ასევე, ის ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არის 100 ათასამდე და ამავდროულად მათ ჰყავთ 3 ან მეტი 16 წლამდე ასაკის შვილი, დამატებით მიიღებენ ჯამურად 600 ლარის ოდენობის კომპენსაციას მომდევნო 6 თვის განმავლობაში. სახელმწიფო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს, რომელთაც ასევე მომდევნო 6 თვის განმავლობაში 600 ლარით დაეხმარება“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პრემიერის მრჩეველმა ასევე ისაუბრა ბიზნესისა და სამეწარმეო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებათა პაკეტზეც, რომელიც მთავრობამ სოციალური მხარდაჭერის გეგმასთან ერთად წარადგინა.

„აქ პირველი მიმართულებაა ბიზნესისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მიწოდება, რაც ამ შემთხვევაში ნიშნავს დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდილი ოდენობით დაბრუნებას ბიზნესისთვის. ეს არის 600 მილიონი ლარის რესურსი, რომელიც დამატებით ჩაეშვება ქვეყნის ეკონომიკაში. ამას ემატება 500 მილიონი ლარი, რომელიც სრულად ბიზნესის მხარდაჭერის ღონისძიებებზეა ორიენტირებული და მაგალითად, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო სქემა. ბიზნესს, რომელსაც აქვს მიმდინარე საბანკო სესხის გადახდის პრობლემა, ეს მისცემს საშუალებას, სწრაფად და მარტივად მოახდინოს სესხის რესტრუქტურიზაცია და ასევე, სახელმწიფო გარანტიით მიიღოს ახალი სესხი მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის, თანამშრომლებისთვის ხელფასის გადახდისა თუ საბრუნავი საშუალებების შესაძენად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სახელმწიფო მხარდაჭერის იმ პროგრამებში, რომლებიც უკვე ძალიან კარგად არის ათვისებული საქართველოს კერძო სექტორის მხრიდან. ასეთი ცვლილებებია მაგალითად სახელმწიფო პროგრამაში - „აწარმოე საქართველოში“, სადაც სესხის პროცენტის თანადაფინანსების მაჩვენებელი ბიზნესისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასევე ბიზნესს მიეცემა საშუალება, ისარგებლოს პროგრამის პროდუქტებით საბრუნავი საშუალებების შესაძენად. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ეს თანხები შეეძლება გამოიყენოს როგორც ხელფასების გადასახდელად, ასევე სხვადასხვა მიმდინარე ხარჯის დასაფინანსებლად“, - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

ბექა ლილუაშვილის განმარტებით, ცალკე პრიორიტეტად განისაზღვრა სოფლის მეურნეობის და ურბანული განვითარების მიმართულება და ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში.

აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ზვიად კირტავა - მთავარი მიზანი მაინც არის ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და შემთხვევების შემცირება, ამის მიღწევის გარეშე საწოლების და პერსონალის კიდევ გაზრდაც ვერ აგვაცილებს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2020
ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება
საახალწლო შეთავაზება მრავალფუნქციური კომპლექსისგან "მოედანი"
ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე
თანამედროვე, მარტივი და უსაფრთხო ახალი ინტერნეტბანკინგი "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლებისთვის