ირაკლი ხმალაძე - ყველა პირს, რომელსაც სანებართვო პირობების შესრულებაში ხელი შეეშალა, დამატებითი ვადა მიეცემა და არანაირი სანქცია არ დაეკისრება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებსა და მცირე მეწარმეებს გარკვეული შეღავათები შესთავაზა, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ სოციალური ქსელით ვიდეო მიმართვისას განაცხადა.

მოსახლეობისადმი მიმართვაში, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები მონაწილეობენ, ირაკლი ხმალაძემ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ღონისძიებების პირველ ეტაპზე, მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების ის მეპატრონეები გათავისუფლდნენ, რომელთაც ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტისგან იჯარით აქვთ აღებული; გარკვეული შეღავათი იმოქმედებს სამშენებლო ნებართვებით გათვალისწინებული ვადის დარღვევაზეც.

ირაკლი ხმალაძის განმარტებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, სამი თვით (მარტი, აპრილი, მაისი) იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდა ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომელთაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ან ფართი, მერიისგან იჯარით აქვთ აღებული. შეთავაზებული შეღავათით სარგებლობს ქვემოიჯარეებიც; იურიდიული პირები, რომელთაც საგანგებო მდგომარეობის გამო საქმიანობა შეეზღუდათ, დასუფთავების მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღიდან, ეკონომიკურ სექტორში გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, რამაც კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაზე გავლენა მოახდინა. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქში არსებული ღია კაფეები, რაც დაახლოებით, 150 ერთეულს შეადგენს, გათავისუფლდნენ მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი საიჯარო საფასურისგან. მსგავსი შეღავათი ასევე, შეეხო დაახლოებით, 600 მეწარმეს, რომელთაც მუნიციპალიტეტისგან აქვს აღებული ქონება და ისინი სამი თვის განმავლობაში, იჯარის საფასურისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ორი ღონისძიებისთვის, ჩვენ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები დაგვჭირდა, რისთვისაც მინდა, საქართველოს პარლამენტს მადლობა გადავუხადო. პანდემიის პირობებში, სამშენებლო ნებართვების ფარგლებში, მშენებლებსა და სხვადასხვა სამუშაოების მწარმოებლებს ვადები დაერღვათ. თბილისის მთავრობის მიერ უკვე გამოცემულია შესაბამისი განკარგულება და ყველა პირს, რომელსაც სანებართვო პირობების შესრულებაში ხელი შეეშალა, დამატებითი ვადა მიეცემა და მუნიციპალიტეტისგან არანაირი სანქცია არ დაეკისრება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, გარდა ამისა, გაიზარდა მუნიციპალური სერვისების მიმწოდებელი პირების რაოდენობა და 21 მარტიდან დღემდე, თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებმა, დაახლოებით, 220 000 ზარის მომსახურება შეძლეს; საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში მერიის ყველა სერვისის მოდიფიცირება მოხდა.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან, ნებართვები არ გაუუქმდებათ. ტაქსების მფლობელები სავალდებულო პროცედურის გავლას საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შეძლებენ.

თბილისის მერია სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად, პრევენციულ ღონისძიებებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს,“ - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
“ნიუმედის”ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი - ჩვენ კლინიკაში ახალ ბენეფიციარებს კოვიდ 19-ის სწრაფი ტესტი უფასოდ უტარდებათ
ქართული პრესის მიმოხილვა 25.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
რატომ არის მნიშვნელოვანი ცემენტის ხარისხის კონტროლი სეისმურად აქტიურ ზონაში
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ