მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 3.37 მლრდ ლარით (10.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.78%-ით გაიზარდა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 34.99 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 43.61 მლნ ლარით (0.30%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 3.32 მლრდ ლარით (19.26%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.18%-ით).
ამასთან, 2020 წლის მარტის განმავლობაში 7.30%-ით, ანუ 1.15 მლრდ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 16.98 მლრდ ლარი შეადგინა.
“რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის მარტის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 4.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.51 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 19.30%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.21%-ით მეტი)”,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 41.22 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 4.25 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.21 პროცენტული პუნქტით). რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი აპრილისათვის 28.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2.36 მლრდ ლარით, ანუ 8.89%-ით მეტია პირველი მარტისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.96%-ით ნაკლები). მარტში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.19 მლრდ ლარით, ანუ 10.06%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.06%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.17 მლრდ ლარით, ანუ 7.94%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.68%-ით).