„ლელო საქართველოსთვის“ მთავრობისგან პასუხს ითხოვს, რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა ოთარ ფარცხალაძეზე გადაადგილების სპეციალური საშვი

დღეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კოჟორიძემ წერილობითი განცხადება შეიტანა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობას ოფიციალურ პასუხს სთხოვს, საყოველთაო კარანტინის პირობებში რომელმა უწყებამ და რის საფუძველზე გასცა საშვი ოთარ ფარცხალაძეზე, ხოლო თუ ასეთი საშვი გაცემული არ ყოფილა, რა სახის სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა მის მიერ ჩადენილ სამართალდარღვევაზე.

როგორც კოჟორიძემ აღნიშნა, ისინი ასევე მოითხოვენ, პრემიერ-მინისტრის ზეპირი განცხადების თანახმად, 27-28 აპრილს საგამონაკლისო წესით საქალაქთაშორისო გადაადგილების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებას.

კახა კოჟორიძის თქმით, მათ დიდი იმედი არ აქვთ, რომ განცხადებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, რადგან, მისივე თქმით, ამგვარი ფაქტების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება.

„ჩვენი მთავარი კითხვა არის, როგორ მუშაობს სისტემა? მას აძლევს ამ დარღვევის გატარების საშუალებას, თუ მასზე სამართლებრივ რეაგირებას ახდენს და სამართლებრივ რეაგირებას თუ არ ახდენს, თუ სამართალდამცავებმა იციან, რომ ვიღაც არღვევს კანონს და მაინც არანაირი რეაგირება არა აქვთ, მათი მხრიდან შეიძლება ეს იყოს დანაშაული, სამსახურებრივი გულგრილობა, როგორც მინიმუმ. პირდაპირ წერია სისხლის სამართლის კოდექსში, როდესაც შენ სამსახურებრივად გევალება სამართლებრივი რეაგირების მოხდენა და ამას არ აკეთებ, შენ თვითონ ჩადიხარ დანაშაულს. ამ შემთხვევაში სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებსაც ეკისრებოდათ და ევალებოდათ კანონის თანახმად ასეთი ტიპის რეაგირების მოხდენა, ასე გაუნძრევლად არიან და ყოველგვარი რეაგირების გარეშე ტოვენებ ამ ამბავს, სავარაუდოდ, თავად სჩადიან დანაშაულს.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ განცხადება იმიტომ კი არ შეგვაქვს, რომ გვჯერა, ჩვენს განცხადებას აუცილებლად რეაგირება მოჰყვება. ჩვენ შეგვაქვს ეს განცხადება იმიტომ, რომ ოფიციალურად მოვითხოვოთ ინფორმაცია. არ შეიძლება ასეთი ტიპის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება. რაღაცნაირად შევეგუეთ თითქოს, რომ აი, ამ საყოველთაო შეზღუდვების პირობებში, მანამდეც და მერეც კიდევ იქნებიან და არიან ადამიანები, რომლებიც ამოვარდებიან საყოველთაო საკანონმდებლო რეგულაციებიდან და ამას ჩვენი ხელისუფლება ყოველგვარი რეაგირების გარეშე გაატარებს. ამასთან შეგუება, რა თქმა უნდა, გამოიწვევს მომავალში კიდევ უფრო მძიმე დარღვევებს და მე ვფიქრობ, ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტია იქნება, ორგანიზაცია თუ მოქალაქე, ასეთი ტიპის ფაქტებს არ უნდა შეეგუოს, გააპროტესტოს და ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა ჩვენი მოქმედება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს