ონლაინ პორტალი, რომლითაც თვითდასაქმებულთა იდენტიფიცირება მოხდება, 15 მაისისთვის ამუშავდება

ონლაინ პორტალი, რომლის საშუალებითაც იმ თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდება, ვინც მთავრობისგან ერთჯერად, 300- ლარიან დახმარებას მიიღებენ, 15 მაისისთვის ამუშავდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, იმ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან, ონლაინ პორტალი იქმნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ განხილვისა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობის საფუძველზე, ისინი 300 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

„პორტალი ამუშავდება 15 მაისისთვის და თვითდასაქმებულებს საკმარისი დრო მიეცემათ, რომ რეგისტრაცია გაიარონ და შესაბამისი საბუთები ატვირთონ. ეს პორტალი მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში იქნება გახსნილი, თუმცა ეტაპობრივად დაიწყება გადარიცხვები მაისის ბოლოდან“, - განაცხადა თამილა ბარკალაიამ და ხაზი გაუსვა, რომ ერთჯერად, 300- ლარიან დახმარებას მიიღებს ყველა თვითდასაქმებული, რომელიც ოფიციალურადაა რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურში, ასევე ის პირები, რომლებიც თავს თვლიან თვითდასაქმებულად და ამის მტკიცებულებად იურიდიული პირის მიერ გაცემულ დოკუმენტს წარადგენენ.

რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ ოფიციალურად დასაქმებულებს, რომლებიც 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, მინისტრის მოადგილის თქმით, ამ თანხების ჩარიცხვა 20 მაისის შემდეგ დაიწყება.

„მათ არანაირი დამატებითი საბუთების შევსება არ სჭირდებათ. მათ შესახებ დამსაქმებელი აწვდის ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს. მათ თანხა საბანკო ანგარიშის ნომერზე ჩაერიცხებათ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი დახლოებით 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული. ამასთან, დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში არიან 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაზეც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო