ამირან გამყრელიძე - საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6% - პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც სჭირდებოდა ტესტირება, ყველას ჩაუტარდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 4 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის გამოსავლენად 12 ათასამდე ტესტია ჩატარებული.

როგორც გამყრელიძემ ბრიფინგზე ambebi.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, დაგეგმილია, რომ მაისის შუა რიცხვებისთვის ყოველდღიურად 3000-მდე ადამიანი გაიტესტოს.

„ჩვენ ტესტებს ვითვლით 4 თებერვლიდან და ყოველდღიურად ჩვენს ვებ-გვერდზე და „ფეისბუკზე“ ქვეყნდება განახლება ეპიდსიტუაციის. სულ დღევანდელ დღემდე არის 11 942 PCR ტესტი ჩატარებული. ხედავთ, რომ 20 აპრილიდან ეს პროცესი საკმაოდ ინტენსიური გახდა, კიდევ დავამატეთ ლაბორატორია. პიკზე იყო 859 ტესტი, ეს არის პირველადი ტესტები და განმეორებითთან ერთად 900-ზე ზემოთ ავედით. 515 გვქონდა გუშინ და ნაკლები იყო მომართვიანობა. ამიტომ ვისაც ზუსტი რიცხვი აინტერესებს, რამდენი ტესტი ტარდება ქვეყანაში და როგორ მიმდინარეობს ის, 11 ლაბორატორიაში კეთდება და ბოლო 6 დღის განმავლობაში 600-700 ტესტს სცილდება. დაგეგმილია, რომ ამ თვის ბოლოს უნდა ავიდეთ 1000 ტესტირებაზე, მაისის 10-15-სთვის დაგეგმილი გვაქვს 1500 და შემდეგ ძალიან გვინდა, რომ თუ სიმძლავრეებით ამას შევძლებთ, 3000 ტესტი გვქონდეს დღეში, რომელიც ის სტანდარტია , რომელსაც აწარმოებენ ავსტრია, გერმანია, შვეიცარია და მსგავსი ქვეყნები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსზე გამოკვლეულია მოსახლეობის 0,6%.

„ამ მაჩვენებლით საშუალო ვართ იმ ტიპის ქვეყნებს შორის, როგორი განვითარებით ჩვენ ვართ. მივისწრაფვით ევროკავშირის ქვეყნების მაჩვენებლისკენ და თუ ჩვენ ავალთ დღეში 2000-2500 მაჩვენებელზე, ეს იქნება გერმანიის და ავსტრიის მაჩვენებელი. მაგრამ ეს არ არის მასობრივი გაფართოებული ტესტირება. მასობრივი ტესტირება ქვეყანაში მხოლოდ C ჰეპატიტზე ტარდება. საქართველოში მოსახლეობის 65% უკვე გამოკვლეულია, რაც დაახლოებით, 2 მილიონ 150 ათასია. ეს არის მასობრივი ტესტირება. კოვიდმა „ხელი შეგვიშალა“, თორემ 600 ათასს ვაპირებდით და 2021 წელში სრულად უნდა მოვრჩენილიყავით მოზრდილი ადამიანების ტესტირებას C ჰეპატიტზე - 2 მილიონ 800 ათას ადამიანზე. არცერთ დაავადებაზე მასობრივი ტესტირებები არ ტარდება. გარდა ისლანდიისა, 2-3%-ს არ სცილდება ტესტირების ჩატარების მაჩვენებლით. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ვისაც დღეს სჭირდებოდა ან სჭირდება ტესტირება, ყველას ჩაუტარდა ეს ტესტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს