ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალისთვის მეორე სახელწოდებად „სტალინირის“ დარქმევაზე - ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს

ადამიანები აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლნი არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ბრძანებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ცხინვალს მეორე სახელწოდებად „სტალინირი“ ეწოდა.

ციხელაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით მსოფლიო რუკაზე არაფერი არ შეიცვლება, თუმცა, ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ.

„იმდენად აბსურდული და თავისთავად ყველაფრის მთქმელია ეს ე.წ. გადაწყვეტილება და იმდენად ღიად წარმოაჩენს საოკუპაციო რეჟიმის სახეს, რომ კომენტარის გაკეთებაც არც ღირს, რომ არ იყოს ასე ტრაგიკულიც. რა თქმა უნდა, ამ ე.წ. გადაწყვეტილებით არაფერი შეიცვლება მსოფლიო რუკაზე, მაგრამ ტრაგიკულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წლებია მავთულხლართებით იზოლირებულ, ფაქტობრივად გაფართოვებულ სამხედრო ბაზაზე ცხოვრობენ და თან, აბსურდული ექსპერიმენტის მსხვერპლიც არიან, რომელიც მათ საბჭოთა წარსულში დარჩენას აიძულებს.

განსაკუთრებით ტრაგიკულია იმ ბავშვების გამო, რომელთაც პიონერების ყელსახვევებში ლენინისა და სტალინის დიდი პოსტერების ფონზე საბჭოთა დიდების სიმღერებს ამღერებენ საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი პირები და ამით ართმევენ მომავლის განცდას, მომავლის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სულერთი არ არის ამ ადამიანების ბედი, არც ახლა და არც მომავალში. გავაგრძელებთ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც პერსპექტივასა და მომავალზეა ორიენტირებული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა რომლის კომენტარს შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ცნობისთვის, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის მეორე სახელად „სტალინირის“ წოდების ე.წ. ბრძანებას ხელი მოაწერა. აღნიშნული გადაწყვეტილება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, „აღნიშნულ მეორე დასახელებას სამამულო ომთან დაკავშირებული ღონისძიებების დროს გამოიყენებენ“. ამასთან, ბიბილოვმა მთელ რიგ ორგანიზაციებს დაავალა გაატარონ ღონისძიებები „ქალაქ სტალინირის ისტორიული სახელის პოპულარიზაციის მიზნით“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო