ირაკლი ჩიქოვანი - საფრთხე კვლავაც არსებობს, ამიტომ მთავარი მოთხოვნაა, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ საცხოვრებელი ადგილი

ღონისძიებების შემსუბუქება ან რაიმე შეზღუდვის მოხსნა არ გულისხმობს იმას, რომ კოვიდ-19-თან ბრძოლა დასრულებულია, ან შეგვიძლია ვთქვათ, საქართველოში ეს საფრთხე არ დგას; დიახ, საფრთხე კვლავაც არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მან ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საფრთხე ისევ არსებობს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ადრეულ ეტაპზევე გადადგმულმა ნაბიჯებმა დადებითი შედეგი მოიტანა.

„რა თქმა უნდა, ეს შედარებითია. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის მსხვერპლი, რაც გვაქვს, პოზიტიურია, მაგრამ ის ციფრები, რაც არსებობს თუნდაც მეზობელ სახელმწიფოებში და ზოგადად მსოფლიოში, ეს არის დადებითი შედეგი. მსუბუქი ავტომობილების გადაადგილებაზე აკრძალვის მოხსნის შემდეგ, გვქონდა მოლოდინი, რომ აკრძალვის პერიოდში მათ დაუგროვდებოდათ ისეთი საკითხები, რომელთა გადაჭრა ავტომანქანით გადაადგილებას მოითხოვდა. ასევე იყო ბევრი დაცალკევებული ოჯახი იმის გამო, რომ სააღდგომო პერიოდში მოქალაქეებმა დატოვეს ესა თუ ის გეოგრაფიული პუნქტი, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს და ხვალ ჩაკეტილ დიდ ქალაქებში შესაძლებელია დაბრუნება ფაქტობრივ მისამართზე. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ყველა ეპიდემიოლოგის, ყველა მედიკოსის, დავიცვათ სოციალური დისტანცია და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დავტოვოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო