ჯანდაცვის მინისტრი - რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია - სახელმწიფო  კლინიკებს აწვდის ტესტებს და მის  სანდოობაზე  პასუხისმგებლობას იღებს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება და ეს მექანიზმი სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში უკვე შემუშავებულია.

როგორც მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, სახელმწიფო ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იღებს.

„მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელის გაფართოება, როგორც „ცხელების“, ასევე კოვიდ კლინიკებად, სახელმწიფო ამ კლინიკებს ამარგებს და აწვდის იმ ტესტებს, რომელიც მიღებულია ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და ასევე კონსულტაციები გავლილია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს ჯანდაცვის დეპარტამენტში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და ყოველივე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება“,- განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის თქმით, საქართველოში ე.წ. აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, საქართველოში ტესტების საკმარისი რაოდენობაა.

„რეალურად, საქართველოში აგრესიული ტესტირება დაწყებულია. ვფიქრობთ, რომ ის მიზნობრივი ტესტირება არის აგრესიული ტესტირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელსაც მარნეულში, ბოლნისში, თეთრიწყაროში და ყველა იმ რეგიონში ვახორციელებთ, სადაც დიდი კერა და კალსტერი დაფიქსირდა. ჩვენ გამოვიკვლიეთ სრულად მოქალაქეები, ვისაც სიმპტომები ჰქონდათ და ასევე საეჭვო კონტაქტს წარმოადგენდნენ. ეს აბსოლუტურად სწორი ტაქტიკაა და ჩვენ უცხოელ კოლეგებთან ერთად კონსულტაციებს გავდივართ, მათი მიდგომაც ისეთივე გახლავთ, როგორც საქართველოს აქვს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენი სტრატეგია და ტაქტიკა გაგრძელდება ისე, როგორიც არის, ვინაიდან ეს გახლავთ ერთ-ერთი და ერთადერთი ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ჩვენი მხრიდან ხორციელდება.

რაც შეეხება ტესტების რაოდენობას, მინდა, ჩვენი მოქალაქეები დავამშვიდო, რომ ეს რიცხვი მუდმივად ცვალებადია, ვინაიდან უკვე საკმაოდ დიდი ქსელია გაშლილი საქართველოში, სადაც კლინიკებში პაციენტების მიზნობრივი ტესტირება ხდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარაგების რიცხვი ყოველთვის ცვალებადია. ჩვენი მომარაგება მუდმივ რეჟიმში მუშაობს. რიცხვები, რომელიც დღემდე იყო დაანონსებული, ყველანაირი შეფერხების გარეშე შემოდის ქვეყანაში. ის მიზნები, რაც სახელმწიფოს ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად გააჩნია, აუცილებლად დაცული იქნება“,-განაცხადა ტიკარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა