კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერების გამოყენება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ორჯერ იაფია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ელექტროსკუტერების გამოყენება სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ორჯერ იაფია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ოპტიმალურია ის თანხა, რომელიც ელექტროსკუტერის ერთი საათით გამოყენებისთვისაა დაწესებული, კალაძემ განაცხადა, რომ ეს „ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მისაღები“.

„ხაშურში წასვლას თუ აპირებს ვინმე სკუტერით, არ ვიცი, მე ამას არ ვურჩევ და ეს არ არის მიზანშეწონილი, რომ თბილისიდან ხაშურში წავიდეს სკუტერით. ეს არის გამოსაყენებელი მოკლე მანძილზე. ვთქვათ, ავტობუსით მიხვედი, გაჩერებაზე ჩამოხვედი და გინდა სახლამდე მიხვიდე არა ფეხით, არამედ გადაადგილდე ამ ტრანსპორტით. ეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერმა ადამიანმა, როგორც განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშია. ვიღაცისთვის შეიძლება იყოს ძვირი, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მისაღები ამიტომ ვამბობ მე, რომ ყველა ტრანსპორტს ჰყავს თავისი მომხმარებელი. ვიღაცისთვის ტაქსი ძვირია და ის სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ვიღაცისთვის არ არის ძვირი და გადაადგილდება ტაქსით. ვიღაცა გადაადგილდება საკუთარი ავტომობილით, მომავალში ბევრი ადამიანი ისარგებლებს ველოსიპედით, ადამიანებს ექნებათ არჩევანი“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით მრავალფეროვნებაა.

„ჩვენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით გვაქვს მრავალფეროვნება. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობთ, რომ იყოს სხვადასხვა მიმართულებები. განახლებული ავტობუსები, რომლებიც ეტაპობრივად შემოდის და ნაწილი კიდევ უნდა შემოსულიყო, თუმცა არსებული რეალობიდან გამომდინარე, ცოტა გადაიწია, მაგრამ წლის ბოლომდე მთლიანად გვეყოლება ჩანაცვლებული ახალი ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით. ასევე, მეტროს განახლება, ტაქსების რეფორმა, რომელიც წარმატებულია და ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ელექტროსკუტერებს, მასაც ეყოლება თავისი მომხმარებელი. ჩვენ ვაპირებდით ასევე ველოსიპედების შემოყვანას, თუმცა ამ მდგომარეობამ შეცვალა და დღეს, სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტებია და გადაფასება მოგვიწია პრიორიტეტების, თუმცა სამომავლოდ ეს პროექტიც განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა