სიმონ ჯანაშია - დისტანციური სწავლების პროცესში სხვადასხვა ხარვეზი გამოიკვეთა

თუ მხოლოდ სახელმძღვანელოებს მივცემთ ბავშვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დასხდებიან და დაიწყებენ სავარჯიშოების კეთებას, ზუსტად იგივეა ტელესკოლაც, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ „ინტეპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში დისტანციური სწავლების პროცესში სხვადასხვა ხარვეზი გამოიკვეთა. სიმონ ჯანაშიას თქმით, აუცილებელია არსებობდეს ტელესკოლის მხარდამჭერი პაკეტები. რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, როგორც ჯანაშია ამბობს, არასწორია, როცა ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში გადატანა ხდება.

„ცალკე პრობლემაა ის, რომ დისტანციურად სწავლების მეთოდი არ იცის ბევრმა და ცდილობენ ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის ასლი გააკეთონ დისტაცნიურ რეჟიმში. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, რომ არასათანადოდ არის გაცემული რეკომენდაციები, მაგალითად, გაცემულია რეკომენდაცია, რომ მაიკროსოფტის პროგრამები გამოიყენონ, რაც არ არის ყველა შემთხვევაში გამართლებული, რადგან მასწავლებლებს რიგ შემთხვევებში აქვთ სხვა ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება.

რაც შეეხება ტელესკოლას, არ არსებობს ტელესკოლის მხარდამჭერი საკმარისი პაკეტები, საჭიროა რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია ბავშვებთან, რომლებიც უყურებენ ტელესკოლას. მხოლოდ რესურსების მიწოდებით სასწავლო პროცესი ვერ გაიმართება. მაგალითად, თუ მხოლოდ სახელმძღვანელოებს მივცემთ ბავშვებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი დასხდებიან და დაიწყებენ სავარჯიშოების კეთებას, ზუსტად იგივეა ტელესკოლაც. ტელესკოლა არის საინფორმაციო რესურსი და მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ რეკომენდაცია, თუ როდის და რა სიხშირით დაუკავშირდნენ მოსწავლეებს, რა ტიპის დავალებები მისცენ და ა.შ.“, - აღნიშნავს ჯანაშია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია განათლების უწყებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რამდენი ბავშვი ვერ ახერხებს დისტანციურად განათლების მიღებას, რათა სახელმწიფომ საჭირო ზომები მიიღოს და აღნიშნული ბავშვები საჭირო რესურსებით უზრუნველყოს.

„უნდა ჩატარდეს გამოკვლევა და სკოლებმა მიაწოდონ ინფორმაცია სამინისტროს, რამდენი ბავშვი არ არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში, ან რა ფორმებით არიან ჩართულნი, რათა შემდეგ სახელმწიფომ დაგეგმოს მიზნობრივი პროგრამები მათთვის, ვისაც დასჭირდება დაჩქარებული სწავლება იმისთვის, რომ აღმოფხვრას ის ნაკლი, რაც ახლა ამ მეოთხედის განმავლობაში მიიღეს,“- აღნიშნავს სიმონ ჯანაშია.

როგორც ჯანაშია ამბობს, ხარვეზების გათვალისწინებით უნდა არსებობდეს მკაფიო რეკომენდაციებიც, თუ როგორ შეიძლება ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიცირება გარემოებების გათვალისწინებით.

„ამ მდგომარეობამ აჩვენა ის, რომ შეუძლებელია არსებობდეს ისეთი სასწავლო მიზნები, რომელიც არ არის გათვლილი იმ პირობებში, სადაც ეს მიზნები უნდა იყოს მიღწეული, პირობები იცვლება და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ მეთოდები შევცვალოთ, არამედ სასწავლო მიზნებიც,“- აღნიშნავს ჯანაშია.

ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ დისტანციური განათლების აღიარება საკანონმდებლო დონეზე უნდა მოახდინოს.

„ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ორგანიზაცია გაჩნდეს, რომელსაც შეუძლია სასკოლო პროგრამების შესაბამისი პროგრამების განხორციელება ონლაინ,“- აღნიშნავს ჯანაშია.

რამაზ საყვარელიძე  - თუ ოპოზიცია მომავალშიც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, ახლაც უნდა შევიდეს პარლამენტში, თუ არც მომავალში მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, წასულა პოლიტიკიდან და ეგაა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.11.2020
ჰუბერტ ქნირში - პარტიებს სულ უფრო ნაკლებად შეუძლიათ ერთმანეთთან საუბარი და ამ განვითარებაში  სხვადასხვა პიროვნებას სხვადასხვა წვლილი მიუძღვის
"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადება "საქანელას" პროექტის შესახებ
PSP „მადლიერების კვირეულს“ კოსმეტიკურ პროდუქციაზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს