პარტია “თავისუფალი საქართველო“ მთავრობის ანტიკრიზისულ პაკეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პარტია “თავისუფალი საქართველო“ მთავრობას ანტიკრიზისულ პაკეტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნით მიმართავს. ამასთან დაკავშირებით პარტია განცხადებას ავრცელებს.როგორც პარტიაში აცხადებენ, არ მიაჩნიათ, რომ მთავრობა საერთოდ არაფერს არ აკეთებს კრიზისის წინააღმდეგ, როგორც ამას ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს და არც ის, რომ მთავრობა იდეალურად უმკლავდება ვითარებას.

“გავეცანით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და გვსურს მთავრობას მივმართოთ ჩვენი შენიშვნებით. პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ ჩვენ შორს ვართ მედიაში გაბატონებული უკიდურესი შეფასებებისგან და არ მიგვაჩნია, არც ის რომ მთავრობა საერთოდ არაფერს არ აკეთებს კრიზისის წინააღმდეგ, როგორც ამას ოპოზიციის ნაწილი ამტკიცებს და არც ის, რომ მთავრობა იდეალურად უმკლავდება ვითარებას. ანტიკრიზისულ გეგმაში არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ვეთანხმებით და არის ნაწილი, რომელიც ჩვენი აზრით ხარვეზიანია, კერძოდ:დადებითად ვაფასებთ: დაქირავებული პირებისათვის ყოველთვიური დახმარების დანიშვნას; დაქირავებული პირების საშემოსავლო გადასახადისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლებას; შეზღუდვების მოხსნას ეკონომიკურ საქმიანობაზე. გასათვალისწინებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განსაკუთრებით დაზარალდა მცირე ბიზნესი: ერთიდაიგივე პროფილის მქონე მსხვილი საწარმოები აგრძელებდნენ მუშაობას, ხოლო მცირე ობიექტები დაიკეტა. ეს ვითარება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღმოფხვრილი;იმავდროულად, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, ანტიკრიზისული პაკეტისთვის რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრიორიტეტის დამატება. სოციალური ნაწილი - მორატორიუმი გამოსახლებებზე: მთავრობა ყველაზე დიდ ფინანსურ რესურსს გადასცემს ბანკებს (რაც გასაგებია), თუმცა არანაირი შეღავათი არ არის გათვალისწინებული მოვალეებისთვის. პირველ რიგში საუბარია, ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც იპოთეკით დატვირთული აქვთ ქონება და ეს საკითხი „ქართული ოცნების“ მმართველობის 8 წლის მანძილზე, ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. ბინებიდან ადამიანების გამოსახლება შეჩერებულია მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე ანუ 22 მაისამდე, თუმცა კარგად გვესმის, რომ ამ პროცესის განახლება ქვეყანაში არა უბრალოდ სოციალურ კრიზის, არამედ სოციალურ აფეთქებას გამოიწვევს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, პარტია მთავრობას სთავაზობს 1 წლის ვადით გამოცხადდეს მორატორიუმი ფიზიკური პირების ერთადერთი საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლებაზე.

„ამასთან გეგმაში მითითებულია, რომ იურიდიულ პირებს პრობლემური სესხებიდან გამომდინარე პროცენტებს გადაუხდის მთავრობა, რაც ასევე არასწორად მიგვაჩნია. არ შეიძლება ამ ვითარებაში, როცა ეკონომიკის ყველა დარგი ნახულობს გარკვეულ ზარალს, მხოლოდ ბანკებმა მიიღონ მოგება ჩვეულებრივი წესით. უნდა მოხდეს პრობლემური სესხების გადავადება 6-დან 12 თვემდე, და არა ბანკებისთვის მიმდინარე ვალდებულებების სრულად დაფარვა.თვითდასაქმებულებისთვის და დაქირავებულებისთვის თანაბარი დახმარება: აბსოლუტურად გასაგებია, რომ მთავრობა ავტომატურად გადაუხდის კომპენსაციას დაქირავებული შრომით დაკავებულ პირებს (თვეში 200 ლარს), თუმცა გაუგებარია, რა ნიშნით ხდება თვითდასაქმებულების დისკრიმინაცია და მათთვის ერთჯერადად მხოლოდ 300 ლარის დარიცხვა. თვითდასაქმებულები ჩვენი ქვეყნის ყველაზე მოწყვლადი სოციალური ფენაა. ისინი ყველაზე უფრო ადრე დაზარალდნენ კორონავირუსისგან და ყველაზე რთული იქნება მათთვის, განხვავებით დაქირავებული შრომით დასაქმებული პირებისგან, შემოსავლების წყაროს განახლება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მათზეც სრულად უნდა გავრცელდეს 200 x 6 სისტემა, რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ ისინი დაასაბუთებენ თავიანთი შემოსავლის წყაროს.ასევე, სამთავრობო გეგმაში, აუცილებლად უნდა გაკეთდეს დათქმა, რომ თვითდასაქმებულებს, რომლებიც დაასაბუთებენ თავიანთ შემოსავალს, არ უნდა დაეკისროს არანაირი სანქციები გადასახადების დამალვის ან გადასახადებისაგან თავის არიდების გამო“,-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე პარტია ჯარიმების ამნისტიზე საუბრობს.„აუცილებელია, გადაიხედოს იურიდიული და განსაკუთრებით ფიზიკური პირებისთვის გამოწერილი ჯარიმები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 21 მარტიდან 25 აპრილის ჩათვლით, 17 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა გამოწერა, რაც პრაქტიკულად აზრს უკარგავს იგივე პირებისათვის „დახმარების“ გაწევას. რა თქმა უნდა ჩამოწერა შესაძლოა არ შეეხოს ყველას, არამედ მხოლოდ იმ პირებს, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა კარანტინის წესების დარღვევას საყოფაცხოვრებო პირობებში და არ ატარებდა რეგულარულ ან კომერციულ ხასიათს;იაფი მედიკამენტები: მივესალმებით, რომ მთავრობა აფინანსებს პირველადი მოხმარების 9 მთავარ პროდუქტზე ფასებს, რაც მნიშვნელოვანია არსებულ ვითარებაში, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია, რომ სურსათთან ერთად დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის მიმდინარე ხარჯების მნიშვნელოვანი წილი მოდის მედიკამენტებზე, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში 300-400%-ით ძვირად იყიდება.ამასთან ამ მდგომარეობის შემსუბუქება შესაძლებელია, საბიუჯეტო სუბსიდიების გარეშე: აუცილებელია საქართველოს მთავრობამ მოხსნას აკრძალვა თურქეთიდან მედიკამენტების თავისუფალ იმპორტზე და თურქეთი დაემატოს ე.წ „პარალელური იმპორტის“ ქვეყნების სიას“,-ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფალი საქართველო“ ეთანხმება პენსიების ინდექსაციას ინფლაციის მონაცემების გათვალისწინებით. „თუმცა აქვე მნიშვნელოვანია, დამატებით კიდევ ერთი საკითხი: საქართველოში უნდა მოხდეს პენსიების და საჯარო სამსახურში ხელფასების პროპორციული მატება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით. არ შეიძლება, ქვეყანაში მინისტრებს და პარლამენტარებს ჰქონდეთ ევროპული ხელფასები, ხოლო პენსიონერებს დარჩეთ საბჭოთა პენსიები.ამიტომაც დასავლეთის ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, გთავაზობთ საქართველოში მინიმალური პენსია განისაზღვროს, როგორც პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების გარკვეული ფიქსირებული % (მაგ: 10%, ნაცვლად დღეს არსებული 5%-სა). ევროპული პრაქტიკა კიდევ უფრო მკაცრია და გულისხმობს, რომ პარლამენტარის ხელფასი არის საშუალოდ 6-7 მინიმალური ხელფასი.შედარებისთვის სხვა ქვეყნების მონაცემები: იმავდროულად, დადგინდეს შეზღუდავა, რომ საჯარო სამსახურში, სახელმწიფო მიერ დაფუძნებულ აიპი-ში და შპს-ში შრომითი ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს პარლამენტარის ხელფასს, რათა ანტიკრიზისული პაკეტი დამოკიდებული იყოს არა მხოლოდ საერთაშორისო დამხმარებებზე, არამედ საკუთარი ბიუჯეტის ეკონომიაზეც.ეკონომიკური ნაწილი - სუბსიდირება ბანკების გარეშე: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესისთვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარი იქცეს მართლაც ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერად და არა ბანკების გამდიდრების საშუალებად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. სამწუხაროდ ფაქტია და ამას ხანდახან მთავრობის წევრებიც აღიარებენ, რომ პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ არ იმუშავა პრაქტიკულად და ამისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩვენი აზრით არის სესხების გაცემა კომერციული ბანკების საშუალებით. მართალია, სახელმწიფო ეფექტურად აფინანსებს ბანკის პროცენტს, მაგრამ თავად კრედიტის გაცემის წინაპირობები აბსოლუტურად იდენტურია ჩვეულებრივი კომერციული კრედიტის წინაპირობებისა, რის გამოც ეს სესხები რეალურად ხელმისაწვდომი არ არის სამეწარმეო სექტორისთვის“,- აცხადებენ პარტიაში.

„თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებას წინადადებით მიმართავს, რომ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის გამოყოფილი 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების მეშვეობით კი არ გაიცეს, არამედ 2 ან 3 მიზნობრივი სახელმწიფო კომპანია ჩამოყალიბდეს.„მოგმართავთ წინადადებით, ისევე როგორც ეს მიღებული პრაქტიკაა, მთელ რიგ დასავლურ ქვეყნებში, ზ/ა 500 მილიონი ლარი არ გაიცეს კომერციული ბანკების საშუალებით, არამედ ჩამოყალიბდეს მიზნობრივი 2 ან 3 სახელმწიფო კომპანია, რომელიც პროაქტიურ რეჟიმში განახორციელებს აღნიშნული თანხების უშუალო მიწოდებას მეწარმეებისა და ფერმერებისათვის კომერციული სესხებისგან განსხვავებული, შეღავათიანი პირობებით.სოფლის დაფინასება: ფერმერები (გლეხები) არ და ვერ სარგებლობენ შეღავათიანი აგროკრედიტის არსებული ბიუროკრატიული მექანიზმით. სახელმწიფომ კონკრეტული თანხა უნდა გამოყოს ინდივიდუალური ფერმერისთვის/ გლეხისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებისთვის (ამისი პრეცედენტი უკვე შედგა 2013 წელს), რათა არსებითად გაიზარდოს სახნავ-სათესი მიწის ფართობი.გარდა ამისა, სახელმწიფომ ან სახელმწიფო კომპანიამ უნდა დააზღვიოს ფასები მოსავლის რამოდენიმე სახეობაზე (ჩაი, ციტრუსი, თხილი, ყურძენი, ხილი), რაც ასევე მიღებული პრაქტიკაა დასავლეთში. ანალოგიური პრაქტიკა შეიძლება გავრცელდეს რძეზეც, რომელიც დღეს მთლიანად იმპორტულია.გარდა ამისა გეგმაში არის გარკვეული დასაზუსტებელი დეატლები, კერძოდ რა კავშირშია დღგ-ს დაბრუნება (რაც ისედაც ხორციელდება) ანტიკრიზისულ პაკეტთან ან რას ნიშნავს დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება „ორმაგად“? აუცილებელია მთავრობამ გამოაქვეყნოს ზუსტად რა თანხას ვიღებთ საერთაშორისო დახმარების და სესხის სახით და რა მიმართულებით დაიხარჯება ეს თანხები, რათა არ გამოვიდეს ისე რომ თანხა მიიღოს ბანკებმა და მსხვილმა ბიზნესმა და სესხი იხადოს სახელმწიფომ და გადასახადის გადამხდელებმა.

მოგმართავთ, წინადადებით ზ/ა საკითხებთან დაკავშირებით გაიმართოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა (თუნდაც ონლაინ-კონფერენციის ფორმატში), სადაც კონსტრუქციულ რეჟიმში განხილული იქნება პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგია. ხელისუფლება ხშირად საყვედურობს ოპოზიციას, რომ ისინი ჩასაფრებულის პოზიციიდან აკრიტიკებენ მთავრობას, რაც ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიმართ, შეიძლება დასაბუთებულიც იყოს. ვნახოთ რამდენად არის თავად ხელისუფლება მზად ოპოზიციასთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა