პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკური გახსნის პირველი ეტაპის მიმდინარეობა და იმსჯელეს ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროებმა საბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია საწარმოებში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვის პროცესის მონიტორინგის შესახებ. უწყებების ინფორმაციით, საწარმოების აქტიური ინსპექტირება გრძელდება. ათობით საწარმო, რომელმაც წესები დააკმაყოფილა, ფუნქციონირებას განაგრძობს. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად გადამოწმდებიან. იმ საწარმოებს კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად, დამატებითი დრო მიეცათ.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ მიზნობრივ სოციალურ და ეკონომიკურ ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის ფარგლებში, თითოეული დარგობრივი სამინისტრო მიმდინარე კვირას დეტალურ პრეზენტაციებს მართავს. ფინანსთა სამინისტროს შემდეგ, მიზნობრივი სოციალური დახმარებების გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ სასურსათო მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს და მისი მუდმივი შევსება შეუფერხებლად ხორციელდება. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გამთენიისას, საქართველოში ჩინეთიდან ჯანდაცვის სექტორისთვის განკუთვნილი 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის, 40 ათასი PCR ტესტი, 20 ათასი ანტისხეულების ტესტი, ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები, ხალათები, ბახილები, თერმომეტრები, დამცავი სათვალეები და სხვა სამედიცინო ნივთები.

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 372 მოქალაქე, ხოლო 16 302 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:

30 აპრილი - მადრიდი-თბილისი

1 მაისი - ვენა-თბილისი

2 მაისი - პრაღა-ბათუმი

5 მაისი - ათენი-თბილისი

7 მაისი - ამსტერდამი-თბილისი

9 მაისი - ბერლინი-თბილისი

სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 517 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 168 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი.

ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5 153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 549 პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო