თენგიზ ცერცვაძე - COVID-19-ის მართვის ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს პლაქვენილის გამოყენებას საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტების სამკურნალოდ - თუ მისი ეფექტიანობა პროფილაქტიკისთვის დადასტურდება, ეპიდემიის შესაჩერებლად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის ქროლოქინის/ჰიდროქსიქლოროქინის ეფექტიანობის კლინიკური კვლევების შესახებ იფორმაციას ავრცელებს.

მისი ინფორამციით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალსა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფებში ქლოროქინით/ჰიდროქსიქლოროქინით COVID-19-ის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის მასშტაბური კლინიკური კვლევები.

მეცნიერები მტკიცედ უჭერენ მხარს აღნიშნულ კვლევებს და იმედოვნებენ, რომ ინფიცირებამდე ან ინფექციის ადრეულ ეტაპზე ამ მედიკამენტების გამოყენება დაიცავს ჯანმრთელ ადამიანებს COVID-19-ისგან, ან დაინფიცირების შემთხვევაში უზრუნველყოფენ დაავადების მსუბუქ მიმდინარეობას.

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ აშშ-ში Duke-ის უნივერსიტეტის თაოსნობით უკვე ხორციელდება 50 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსებული აშშ-ს ჯანდაცვის სისტემის ასობით ჰოსპიტალს შორის კოლაბორაციული სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც ჩართულ იქნება დაახლოებით 15 ათასი მოხალისე სამედიცინო პერსონალი. COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის მათი ნახევარი მიიღებს ჰიდროქსიქლოროქინს, ხოლო ნახევარი - პლაცებოს. კვლევის პირველი შედეგები სავარაუდოდ ზაფხულში გამოქვეყნდება“ , - აცხადებს ცერცვაძე.

მისივე ინფორმაციით, ასეთ მასშტაბური კლინიკური კვლევების განხორციელება ზოგადად რამოდენიმე წელს მოითხოვს, მაგრამ არსებული კრიზისული სიტუაციის გათვალისწინებით, კვლევები ძალიან დაჩქარებული ტემპებით ტარდება.

„თუ ეს კვლევები წარმატებული აღმოჩნდება, ეს იქნება ახალი მოდელი. უნდა ვიჩქაროთ, რათა მივიღოთ შედეგები მანამ, სანამ ჯანდაცვის მუშაკებს საფრთხე შეექმნებათ“ , - აცხადებს კვლევის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი Adrian Hernandez.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალს შორის ჰიდროქსიქლოროქინით და ასევე ლოპინავირ/რიტონავირით COVID-19-ის პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის კლინიკური კვლევები მიმდინარეობს ასევე საფრანგეთშიც. კვლევა გათვლილია დაახლოებით 1,200 მონაწილეზე.

„აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ხორციელდება COVID-19-ის პროფილაქტიკური მკურნალობისთვის ქლოროქინის/ ჰიდროქსიქლოროქინის ეფექტიანობის ერთწლიანი მასშტაბური კლინიკური კვლევა, რომელშიც იგეგმება დაახლოებით 40 ათასი მონაწილის ჩართვა ევროპიდან და აზიიდან.

ქ. სტამბოლის Istinye უნივერსიტეტის პროფესორის Mahir Ozmen-ის მოსაზრებით, ქლოროქინის გამოყენების საუკეთესო გზას წარმოადგენს მისი კომბინაცია თუთიასთან და C და D ვიტამინებთან ერთად. პროფესორ Ozmen-ის მიერ თურქეთში ხორციელდება COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის აღნიშნული სამკურნალო რეჟიმის ეფექტიანობის კვლევა სამედიცინო პერსონალსა და მათი ოჯახის წევრებს შორის. კვლევაში უკვე ჩაერთო 98 მოხალისე და ის სავარაუდოდ ივლისში დასრულდება“ , - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

პროფესორ Ozmen-ის თქმით „თუთია ჰიდროქსიქლოროქინს ეხმარება დაინფიცირებულ უჯრედში შესვლაში ვირუსის გასანადგურებლად, ხოლო C და D ვიტამინები კი აძლიერებენ იმუნური სისტემის ფუნქციონირებას“. თუ ეს მიდგომა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის ეფექტიანი არ გამოდგა, ის იმედოვნებს, რომ ანიშნული სამკურნალო რეჟიმი მაინც შეამსუბუქებს დაავადების მძიმე მიმდინარეობას. „ასეთი სახის პროფილაქტიკური მკურნალობა ჩვენ გვაძლევს დროს, რათა შევიმუშავოთ ვაქცინა, რომელიც ყველას დაიცავს“ - აცხადებს პროფესორი Ozmen-ი.

წყარო: https://www.medscape.com/viewarticle/928472#vp_2

„ცნობისთვის, COVID-19-ის კლინიკური მართვის ქართული პროტოკოლი ითვალისწინებს ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას საშუალო, მძიმე და კრიტიკული მიმდინარეობის COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ, მაგრამ არა საპროფილაქტიკოდ.

თუ დადასტურდება ამ მედიკამენტების ეფექტიანობა COVID-19-ის პროფილაქტიკისთვის, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ეპიდემიის შესაჩერებლად“ , -დასძენს ცერცვაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა