„ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის წარდგენაზე ოპიზიციის შეთანხმება კვლავ ძალაშია

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის წარდგენის თაობაზე ოპოზიციის შეთანხმება კვლავ ძალაშია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა, რომელ პარტიასაც სურვილი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების პირველივე ტურში დამარცხდეს, კვლავ შეთანხმების მონაწილეა.

რაც შეეხება მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობას, ბობოხიძე აცხადებს, რომ კონსულტაციების ფარგლებში გარკვეული გვარები უკვე გაჟღერდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული შეფერხების გამო მათი ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ვისაც სურვილი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ დავამარცხოთ, ყველა ასეთ პარტიასთან ძალაში რჩება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმება. შეთანხმება ნიშნავს იმას, რომ კონფიგურაცია ისეთი იქნება, როგორსაც ოლქების სპეციფიკის მიხედვით, გამარჯვებისთვის ჩავთვლით საჭიროდ. ბუნებრივია, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, აქტიური კონსულტაციები არ გვაქვს, მაგრამ არავის გამოუთქვამს სურვილი, რომ შეთანხმებიდან გავიდნენ. იმედი მაქვს, ეს ბოლომდე იქნება შენარჩუნებული.

პროპორციულ ნაწილში პარტიების უმეტესობა გამოვა ცალ-ცალკე. შეიძლება რამდენიმე გაერთიანებულადაც გამოვიდეს, მაგრამ მთლიანობაში მაინც ბევრი პარტია იქნება და საქართველოს მოსახლეობას პროპორციულ ნაწილში არჩევანის გაკეთების უფრო მეტი თავისუფლება ექნება. რაც შეეხება მაჟორიტარულ ნაწილს, შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა გვექნება იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში დავამარცხოთ.

კანდიდატების ვინაობაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, თუმცა იმიტომ, არა, რომ გამოკვეთილი გვარები არ არსებობს. სამწუხაროდ, ეპიდემიამ მაჟორიტარი კანდიდატების ვინაობის დასახელების დროც გადაწია და ბუნებრივია, სანამ პროცესი არ განახლდება, ამ გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძე.

ერთიანი კანდიდატების წარმოდგენის იდეას მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობაც“. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განუცხადა, შეთანხმება კვლავ ძალაშია.

„ცალკეულ ოლქში ერთიანი კანდიდატის იდეა კვლავ ძალაში რჩება და მისი გადახედვა არ მომხდარა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ დროზე შეასრულოს ხელისუფლებამ ოპოზიციის და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები და გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა ივნისში იქნება და ეს მანამდე უნდა მოხდეს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. ამასთან, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა