„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - იმის გამო, რომ COVID19-ის მნიშვნელოვანი სამიზნე ადამიანის ფილტვებია, ერთადერთი და სწორი გამოსავალია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის და მარიხუანას მოხმარებაზე უარის თქმა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებით, იმის გამო, რომ COVID19- ის მნიშვნელოვანი სამიზნე ადამიანის ფილტვებია, დღეს, ერთადერთი და სწორი გამოსავალია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის და მარიხუანას მოხმარებაზე უარის თქმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან“ აცნობეს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვიდან 2 წელი გავიდა. მათივე ცნობით, 2017 წელს, ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელობით, ფაქტობრივად, პარლამენტის სრულმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა საზოგადოების გაჯანმრთელების ინტერესს და თამბაქოს კონტროლის კანონი მიიღო.

„ამ ნაბიჯით პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის მიერ თამბაქოს ინდუსტრიის ლობირება დაძლია და პროტესტი გამოუცხადა თამბაქოს მოხმარების შედეგად ადამიანების სიკვდილს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმდროინდელი მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად, თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებებით 11 400 ადამიანი იღუპებოდა. მათ შორის, 3 000-მდე პასიური მოწევის მსხვერპლი იყო.

თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულება 2018 წლის პირველ მაისს დაიწყო. ამაო აღმოჩნდა თამბაქოს ინდუსტრიის მცდელობა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ კანონის აღსრულება სამასპინძლო ბიზნესს გააკოტრებდა. არათუ არ გაკოტრდა, კაფეებში, რესტორნებში და მსგავს დაწესებულებებში სტუმართა რაოდენობა გაიზარდა, მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად სტუმრობენ. სამასპინძლო ბიზნესში მოწევის აკრძალვა, ფაქტობრივად სანიმუშოდ, 96%-ით სრულდება.

კანონის აღსრულების მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, დამრღვევებზე ეფექტური რეაგირება ხდება. სამწუხაროდ, აღსანიშნავია, რომ დამრღვევთა მცირე პროცენტში საჯარო სამსახურები და სამედიცინო დაწესებულებები ლიდერობენ. აღსრულების პროცესში სრული ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს საკუთარი როლი და დარღვევის დაფიქსირებისას, სადაც არ უნდა იყოს, კაფეში, რესტორანში, საავადმყოფოში, პარლამენტში, მთავრობის კანცელარიაში, თუ ნებისმიერ სხვა, საჯარო სამსახურში, 112-ზე დარეკვის ან სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით, დაუყოვნებლივ აცნობს შესაბამის აღმასრულებელს, საპატრულო პოლიციას ან შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს კანონის დაცვა.

დღეს, სხვადასხვა, მასშტაბური კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე (რომელთა პრეზენტაცია სავარაუდოდ, კოვიდ-19 -ის პანდემიის ჩაცხრობისთანავე გაიმართება)თამამად ვამბოთ, დახურულ სივრცეში მოწევის და თამბაქოს კონტროლის კანონით გატარებული მთელი რიგი აკრძალვებისა და სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე საზოგადოების ჯანმრთელობის და ეკონომიკური მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შეიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ცნობით, უახლოეს წლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების შედეგები სპეციალური კვლევების გარეშეც თვალშისაცემი იქნება და საზოგადოება მომენტალურად იგრძნობს სიკეთეს, რომელსაც თამბაქოს მოხმარების შემცირება იწვევს.

„ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიოს ახალი დღის წესრიგი, რომელსაც ახალი კორონავირუსული დაავადება განაპირობებს, საქართველოს მოსახლეობას კიდევ უფრო ცხადად დაანახებს თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის აუცილებლობას.

იმის გამო, რომ კოვიდ19 - ის მნიშვნელოვანი სამიზნე ადამიანის ფილტვებია, დღეს, ერთადერთი და სწორი გამოსავალია თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის (მათ შორის ელ. სიგარეტის, ვაპოვაიზერის, აიქოსის, ჩილიმის და ა.შ.) და მარიხუანას მოხმარებაზე უარის თქმა. ამიტომაც ახალი კორონავირუსისგან თავდასაცავად მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ფიზიკური, არამედ, თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისგან დისტანცირება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა