ადვოკატი - ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძისთვის ბრალის დამძიმება, 86 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას არ ნიშნავს

სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნოდარ გამყრელიძისთვის ბრალის დამძიმება 86 წლის ომარ გამყრელიძისა და მისი შვილიშვილის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას არ ნიშნავს, -აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ომარ გამყრელიძის ადვოკატმა გილერი ენდელაძემ განუცხადა.

როგორც ენდელაძე განმარტავს, პაპისა და შვილიშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი და მათ აბსოლუტურად აბსურდულ ბრალს ედავებიან.

„ჩვენი საქმე ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს - ომარიკო გამყრელიძეს, ანუ შვილიშვილს საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას, ომარ გამყრელიძეს კი საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე მკვლელობის დახმარებას ედავებიან. როგორც ბაბუის, ასევე შვილიშვილის საბრძოლო მასალაზე არ აღმოჩნდა არც დნმ და არც თითის ანაბეჭდები. სასაცილოა ზუსტად ის, რომ დადგენილი არ არის, ის ადამიანები ვინ მოკლა და ომარ გამყრელიძეს მაინც მკვლელის დახმარებას ედავებიან. ვინაიდან გამოძიებამ ომარ გამყრელიძის მიმართ წარდგენილი თავდაპირველი ბრალის დადასტურება, რომ თითქოს, 5 ადამიანი მან მოკლა, ვერ შეძლო და უხერხული ვითარება შეიქმნა, სასაცილო მდგომარეობაში ვარდებოდნენ საზოგადოების წინაშე, სხვა გზა არ ჰქონდათ და მართალია, თითიდან გამოწოვილი ბრალდება, მაგრამ რაღაც მაინც დატოვეს“, - განაცხადა ენდელაძემ.

ცნობისთვის, დღეს, ნოდარ გამყრელიძეს, რომელსაც ბრალის წარდგენიდან დღემდე მხოლოდ დედის მკვლელობას ედავებოდნენ, ბრალი დაუმძიმეს და ახლა უკვე ოჯახის სხვა წევრებისა და მეზობლების, ჯამში 5 ადამიანის მკვლელობას ედავებიან.

ყანდაურაში მკვლელობა გასული წლის 3 მაისს მოხდა. თავდაპირველად, სამართალდამცავებმა 85 წლის ომარ გამყრელიძემ დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღით შვილის, რძლისა და ორი მეზობელის მკვლელობას, მეუღლის დაჭრას ედავებოდა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ომარ გამყრელიძე სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ახლა უკვე მას საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, ასევე მკვლელობაში დახმარებას ედავებიან. ამავე საქმეზეა ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილიც, მას საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)