მაია მიმინოშვილი განათლების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ჩატარების თაობაზე რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს, მათ შორის არის ონლაინ ფორმატი

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთიანი ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს.

როგორც მიმინოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა. შესაძლებელია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად გაიზარდოს საგამოცდო ცენტრების რაოდენობა, შემცირდეს სესიაში მონაწილე აბიტურიენტთა რიცხვი და ასევე გამოცდები ონლაინ რეჟიმშიც ჩატარდეს.

„ბუნებრივია, გამოცდებთან დაკავშირებითაც შეიძლება გარკვეული გზების გამონახვა. მოგატყუებთ, რომ 24 საათის განმავლობაში ამაზე ვფიქრობდი, როგორ შეიძლება გამოცდები ჩატარდეს, თუმცა, ერთ-ერთ ვარიანტს შევთავაზებდი განათლების სამინისტროს. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, არის საგამოცდო ცენტრების გაზრდა. ამას რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება. საგამოცდო ცენტრების გაზრდა ისე, რომ აბიტურიენტს არ დასჭირდეს დისტანციების გავლა, რომ გამოცდა ჩააბაროს. მეორე - სრულიად შესაძლებელია სესიების რაოდენობა გაიზარდოს. აქამდე 9 საათზე იწყებოდა და მხოლოდ 2 სესია გვქონდა, ანუ საგამოცდო ცენტრში გარკვეული რაოდენობა დავუშვათ აბიტურიენტების და კონვეიერული წესით შევიყვანოთ აბიტურიენტები შემდეგ სესიაზე. პირობითად ვამბობ, 20 აბიტურიენტი 9 საათზე, კიდევ 20 აბიტურიენტი და ა.შ. როცა დაასრულებენ, სხვა გასასვლელიდან გავლენ და ერთმანეთთან აბიტურიენტებს შეხება არ ექნებათ. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული მუშაობა სჭირდება, თუმცა პრობლემა დაძლევადია“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, ასევე ე.წ. ონლაინ რეჟიმშიც შეიძლება ერთ-ერთი ვარიანტის განხილვაც.

„რაც შეეხება უცხო ქვეყნის გამოცდილებას, მე არ მსმენია ცენტრალიზებული საგამოცდო სისტემა, რომელიც ე.წ. ონლაინ რეჟიმში ტარდება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ყველაფერი პირველად იქმნება და რატომაც არ უნდა ქონდეს ამბიცია საქართველოს, რომ მსგავსი საგამოცდო სისტემა შეიქმნას. მით უმეტეს, გვაქვს მცირე შერჩევაზე, მაგრამ მსგავსი პროექტი - „კონკურსი მათემატიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

კითხვაზე - შესაძლებელია საგამოცდო ცენტრებად სტადიონების განხილვა? მაია მიმინოშვილმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, შესაძლებელია“.

„ამასთან, ყველა სკოლა შეგვიძლია გამოვიყენოთ საგამოცდო ცენტრად. თქვენ ახსენეთ სტადიონები, ეს ის ქვეყნებია, სადაც გაცილებით მეტია აბიტურიენტთა რაოდენობა, ვიდრე ჩვენთან. დაახლოებით 40 ათასია ჩვენს შემთხვევაში. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ ლოჯისტიკური ნაწილი ისე ავაწყოთ, რეკომენდაციები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ, სისტემა შევინარჩუნოთ, მაგრამ ისე გავაკეთოთ, რომ ერთ შენობაში ბევრი ადამიანი არ იყოს.

ახლა საგამოცდო ცენტრში დაახლოებით, 1500 ადამიანი იყრის თავს, აბიტურიენტებით, მეთვალყურეების, მომსახურე პერსონალით. 1500 ადამიანის ერთ შენობაში შეყრა შეუძლებელი იქნება ივლისში და ვერც აგვისტოში გავრისკავთ ამას“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს