ამირან გამყრელიძე - მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს

რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მარნეულში შეხვედრისას განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სამედიცინო პროცესებში ლიდერების ჩართვა აუცილებელია, რათა მათ ადგილობრივი მოსახლეობა თერმოსკრინინგისა და გამოკვლევების ჩატარებაში დაარწმუნონ.

გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, მარნეულში „ჯეოჰოსპიტალის“ ან „ავერსის“ კლინიკის ბაზაზე შესაძლოა, ლაბორატორია მოეწყოს, სადაც კორონავირუსზე კვლევები ჩატარდება.

„მე ვიცი, რომ ძალიან გვიჭირს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომ როგორმე უნდა მოვახერხოთ ამ პროცესში ლიდერების ცოტა მეტად ჩართვა, რომ ეს ხალხი დაარწმუნონ, პირველ რიგში, თერმოსკრინინგზე და მერე აქტიურ გამოკვლევაზე. მე იმასაც ვფიქრობ, რომ თუ მოვახერხეთ მარნეულშივე ავაწყოთ ლაბორატორია. გადაწყვეტილად ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზეც ვფიქრობთ, რომ ან „ჯეოჰოსპიტალის“, ან „ავერსის“ ბაზაზე მოეწყოს.

ალბათ, ხვალ მინისტრთან მექნება იმაზე საუბარი, რომ რეგიონში ჯანდაცვის სამინისტროს ვერტიკალი ცოტა მეტად უნდა გაძლიერდეს, მარტო ჩვენ ვერ ვეყოფით ამ პროცესებს. თითოეულ მერთან უნდა იყოს ვინმე მარჯვენა ხელი, რომელიც რაიონებში მთელ ამ სამედიცინო პროცესებს მართავს. მარტო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ამას ვერ მოაგვარებს. უკვე რამდენჯერმე დავსვი ეს საკითხი და ორშაბათს საკოორდინაციო საბჭოზე პრემიერთან ვიტყვი, რომ ძლიერი სამედიცინო ვერტიკალია საჭირო,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერიაში შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე, პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი და მარნეულისა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა