ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის და აცხადებს, რომ მისი მოსაზრებების მიზანი ექიმების მუშაობის დაკნინება არ ყოფილა

ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, - ასე ეხმაურება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ კულუმბეგოვის ზოგიერთი განცხადება და შეფასება სინამდვილეს არ შეესაბამება.

ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძეს ბოდიშს უხდის და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრს ასე პასუხობს:

„ჩემი მთავარი მიზანი და ერთადერთი მოვალეობა, კოვიდ 19-ის დროს მოსახლეობის სწორი ინფორმირება და მხოლოდ დამშვიდებაა, ამიტომ თავს ვალდებულად მივიჩნევ ჩემს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მხრიდან მასზე მოხდენილ რეაგირებაზე პასუხი პუნქტობრივად გავცე:

ჩემს ხელთ არსებული ერთადერთი წყარო, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 1-ელი მაისის „ტვიტერზე“ ოფიციალურად გამოქვეყნებული მონაცემებია, რომ საქართველოში 566 ლაბორატორიულად დადასტურებული კოვიდ 19-ის შემთხვევიდან 98%-ს აქვს დაავადების მსუბუქი და საშუალო ფორმა, ხოლო მხოლოდ 2 % -ს მძიმე ფორმა. ალბათ, გამორჩენილია კრიტიკული პაციენტები ან მძიმეშია გაიგივებული. ეს ერთხელ კიდევ მიანიშნებს, როგორი აუცილებელია სწორი სტატისტიკის დროული და პერმანენტული გამოქვეყნება, რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს მასზე დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სიმძიმის მიხედვით მკურნალობის საკითხს, ტელეწამყვანის დასმულ კითხვაში ეს საკითხი ეხებოდა მხოლოდ ოზონოთერაპიას, სადაც მე აღვნიშნე, რომ ოზონოთერაპიით მკურნალობის ერთადერთი მიზანი უნდა იყოს, რამდენად დაგვეხმარება ის კრიტიკული პაციენტების გადარჩენაში, რაშიც ეჭვი შევიტანე. ხოლო ზოგადად პაციენტების მკურნალობის მიმოხილვა მსუბუქი, საშუალო და მძიმე ფორმების დროს ჩემი განსჯის მიზანი არ ყოფილა.

ზოგადად მკურნალობა, პაციენტების სიმძიმის მიუხედავად, ჩემი მტკიცე პოზიციაა, რომ უნდა ეყრდნობოდეს მხოლოდ სამედიცინო კვლევის ფორმატს, რაც ავტომატურად მოხსნიდა ბევრ ინსინუაციას ქლოროქინზე/ჰიდროქსიქლოროქინზე, C ვიტამინზე, თუთიაზე, ოზონოთერაპიაზე და ასე შემდეგ. აღნიშნული მედიკამენტების რისკი/სარგებლის შეფასება და სხვა სამედიცინო საკითხები გადაწყდებოდა ეთიკური საბჭოს და კვლევის პროტოკოლის ფორმატში, რაც თავიდან აგვარიდებდა ყველა შესაძლო გაუგებრობას და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან შექმნილ დაპირისპირებას.

და ბოლოს, ბატონო თენგიზ, მერცხვინება თქვენნაირ ბუმბერაზ ადამიანთან პაექრობა! არ ვაპირებ არგუმენტების მოყვანას და იმის მტკიცებას, მე ვარ მართალი თუ თქვენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ძიების პროცესში არიან და სიტუაცია ყოველ წუთას შეიძლება შეიცვალოს! ბოდიშს გიხდით, თუ ჩემი ახალი კორონავირუსის თემის გარშემო აქტიურობით, თქვენი გულისწყრომა დავიმსახურე!

ბედნიერი ვიქნები, თუკი ქართველი ხალხი გმირი ექიმებისთვის 2020 წლის 18 მარტს აგუგუნებულ მადლიერების ტაშს მალე გაიმეორებს და ახალი კორონავირუსის პანდემიის დამარცხების აღსანიშნავად ჩვენს პატარა საქართველოში ისევ იგრიალებს გამარჯვების მხურვალე ტაში!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ის გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის ექიმებს და განმარტავს, რომ მისი მოსაზრებები არავის დაკნინებას და ჩრდილის მიყენებას არ ისახავდა მიზნად.

ცნობისთვის, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-თან დაკავშირებით ერთ-ერთ გადაცემაში გაკეთებული განცხადებების გამო ბიძინა კულუმბეგოვი გუშინ გააკრიტიკა და მის ზოგიერთ მოსაზრებას მცდარი უწოდა.

ეკატერინე ციმაკურიძე - განსაკუთრებული პრობლემაა ხელისუფლების მცდელობები თავი აარიდოს 19 აპრილის შეთანხმების ისე შესრულებას, როგორც ეს თავად ამ შეთანხმებითაა ნაგულისხმევი
ქართული პრესის მიმოხილვა 24.06.2021
სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანმა არჩევნები იმის გამო მოიგო, რომ სომეხმა ხალხმა ყარაბაღის ომში დამარცხება მას არ დაუკავშირა
„მაკდონალდსის“ ინვესტიციით საქართველოში პურ-ფუნთუშეულის საწარმო „ბრედფილდი“ იხსნება
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდი ხანია, პანდემიაა (R)
"თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტში“ კონფერენცია „კურორტოლოგიის როლი მედიცინაში“ გაიმართა