ლევან გოფოძე - ექიმების ინფიცირების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის - განვითარებული მედიცინის მქონე იტალიაში სამედიცინო სფეროს 160 მუშაკი დაიღუპა

ექიმების ინფიცირების პრობლემა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, - ასე უპასუხა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტის კითხვას, რატომ მოხდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა 12 %-ზე მეტი ექიმია და რაში ხედავს პრობლემას.

გოფოძის განმარტებით, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია. რაც შეეხება უშუალოდ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსი მათი კლინიკის არც ერთ მედპერსონალს არ გამოვლენია.

„ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ჩვენ გაწერილი გვაქვს წესი და რიგი, როგორ უნდა გვეცვას, როგორ უნდა ვმოძრაობდეთ, როგორ უნდა მივიდეთ ადამიანთან - გააჩნია, რას ვაკეთებთ. როდესაც ინვაზიური მეთოდის ჩატარების მიზნით ვართ პაციენტთან, მაშინ სულ სხვაგვარი აღჭურვილობა გვჭირდება. როდესაც გასასინჯად, სანახავად და ასე შემდეგ, მაშინ სხვა. ასე რომ, ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ექიმების ინფიცირების პრობლემას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მაგალითად, სულ მომყავს ძალიან განვითარებული მედიცინის მქონე ქვეყანა - იტალია, სადაც კატასტროფა მოხდა - მედიცინის 160 მუშაკი დაიღუპა, მათგან 120 ექიმი იყო. ძალიან რთულია გავიგოთ, საიდან ვრცელდება, შეიძლება არა მხოლოდ კლინიკაში, არამედ გარედანაც მოხდეს ინფიცირება. სავარაუდოდ, შესაძლებელია პაციენტებიც იყვნენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით რესპუბლიკურ საავადმყოფოს ინფიცირებული მედპერსონალი არ ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ მთელ მედპერსონალს ტესტირება ჩაუტარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვეყოლება, თუმცა ვცდილობთ, არ იყოს. ასევე ცდილობს ყველა კლინიკა, ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, შესაძლებელია მედიკოსმა ყველა წესი დაიცვას, მაგრამ მაინც დაინფიცირდეს, „რადგან ეს ვირუსია“.

„ექიმები და საერთოდ სამედიცინო პერსონალი არანორმალური დაძაბულობის პირობებში მუშაობს. გარდა იმისა, რომ შრომა და ფიზიკური დაძაბულობაა, ნერვული დაძაბულობაც არის. შეიძლება, ცხვირზე ჩამოიწიო ნიღაბი, ან უბრალოდ ვერ ისუნთქო, ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. თუმცა, შესაძლებელია ყველა წესი დაიცვა, მაგრამ მაინც დაინფიცირდე, რადგან ვირუსია, ზომა არ აქვს. ერთი რამის მწამს, რომ ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც კოვიდინფიცირებულები არიან, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისი ექიმები მაქსიმალურად დაიცვას. სწორედ ამიტომ არის რთული სამუშაო ექიმებისა და მედპერსონალისთვის. მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ვართ. ასე ვთქვათ, ექიმები დანის პირზე დადიან“, - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, მუდმივად მიმდინარეობს შეხვედრა და იმაზე მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ექიმები.

„თითქოს პარადოქსია არა, ექიმს ხელების დაბანა როგორ უნდა ასწავლო, მთელი ცხოვრება ხელს იბანენ, მითუმეტეს, პირადად ქირურგი ვარ და ჩვენ თითქოს მეტი რა ვიცით, მაგრამ რაღაც დეტალებია, რომელზეც ყურადღების გამახვილება აუცილებლად საჭიროა“, - განაცხადა გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა