მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ბიზნესთან, რომ თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი

გავაგრძელებთ დიალოგს ბიზნესთან, რომ თითოეული პრობლემის გადაწყვეტა მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი იყოს, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავასა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა, ამიტომ მათი ამოცანაა, ხელი შეუწყონ კომპანიებს, რათა მათ განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება.

„ჩვენ ძალიან პროდუქტიული და წარმომადგენლობითი შეხვედრა გვქონდა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობდნენ გიდები, სასტუმროებისა და ტურისტული სააგენტოების, ასევე სარესტორნო ბიზნესისა და ღვინის ტურიზმის წარმომადგენლები. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის ინდუსტრიისთვის დახმარების პაკეტის განახლებაზე. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა ტურიზმის სექტორისგან, თუ რა სჭირდებათ მათ, რათა განაგრძონ ტურიზმის სექტორში ოპერირება. ჩვენ მოვისმინეთ არაერთი საინტერესო წინადადება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ეფექტური და მიზნობრივი დახმარების ფორმირებაში.

ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დადგა. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, აქედან გამომდინარე ჩვენ მოვუსმინეთ დარგს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს იმისთვის , რომ მათ არ დაკარგონ დასაქმების ადგილები და შესაბამისად შემოსავლის წყარო. ასევე მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ კომპანიებს, რათა განაგრძონ ოპერირება და ადამიანების დასაქმება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრა ელექტრონულ ფორმატში გაიმართა და დისკუსიაში ტურიზმის კერძო სექტორის 70-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

მათი ცნობით, ონლაინ შეხვედრაზე გამოიკვეთა ყველა ძირითადი პრობლემური საკითხი, რომლის წინაშეც სექტორი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგა, ასევე საკვანძო საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დარგის წარმომადგენლებმა დააყენეს. მათ შორისაა, ურთიერთობა ბანკებთან, საგადასახადო დავალიანების გადავადება, მიზნობრივი სამთავრობო პროგრამები, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი ინსტრუმენტების ამოქმედება და სხვ.

ონლაინ დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ გაგრძელდება შეხვედრები ბიზნესის დარგის ცალკეულ სეგმენტებთან, რათა ბიზნესის წინაშე არსებული თითოეული პრობლემის გადაწყვეტა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და მიზნობრივი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა