გია ხუხაშვილი - ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება - მთავარი ის კი არ არის, რას და როდის გახსნი, მთავარია როგორ გახსნი და როგორ აამუშავებ

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის მექანიკური გახსნა არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება.

როგორ ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს" მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციის გამო გადადგმული და ეკონომიკის ამუშავების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯების შეფასებისას განუცხადა, მთავარი ის კი არაა რას და როდის გახსნი, არამედ მთავარია როგორ გახსნი და აამუშავებ ეკონომიკასა და ბიზნესს.

„ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება, იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ. ტურიზმი დღესაც რომ გახსნა, ტურისტი არაა და რა უნდა გააკეთოს? ან იგივე ფრენები რომ გახსნა, ფრენები ვერ იქნება რეალურად, იმიტომ, რომ ყველა ქვეყანა ჩაკეტილია. ასე რომ ამ გეგმაში მთავარი ის კი არ არის, რას და როდის გახსნი, მთავარია როგორ გახსნი და როგორ აამუშავებ ამას. კი ბატონო, გახარიამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რას გახსნის, შეიძლება გახსნას, მაგრამ როგორ აპირებ შემდეგ ამის ამუშავებას, ეს არის მთავარი კითხვა.

გახსნა ნიშნავს სხვა რამეს, ის უნდა ამუშავდეს, დაიქოქოს და გადაადგილდეს. ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვს ჯერჯერობით წარმოდგენილი," - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტი ამბობს, მას პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან კითხვები არა წარსულში გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არამედ მომავლის ხედვის არარსებობასთან დაკავშირებით აქვს.

„კრიზისის მართვის თვალსაზრისით მე ვფიქრობ, რომ სისტემური შენიშვნები ჩვენ არ უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის იმ ტიპის პრობლემა, რომლის დროსაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული და ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ისეთი სერიოზული შეცდომები ხელისუფლებას, ჩემი აზრით, არ დაუშვია, გარდა ერთისა, როცა გაახანგრძლივა აღდგომის შემდეგ მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა. ასე რომ აქ მე სერიოზული პრეტენზიები არ მაქვს. ჩემი პრეტენზიები უფრო მომავლისკენაა მიმართული. ჯერჯერობით, ჩვენ ხელისუფლებისგან რეალური ეკონომიკური რესტარტის გეგმა არ მოგვისმენია და ჯერჯერობით, რა პრეზენტაციებიც ჩატარდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვთ ეფექტური. ისევ ტურიზმზე საუბრობენ. მოგეხსენებათ მისი გაცოცხლების პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამომდინარე ამ სტრესიდან. ასე რომ მე დღეს უფრო მაქვს მომავლის შფოთი, ვიდრე ოპერატიული მენეჯმენტის. კი ბატონო, გახარიამ დაამტკიცა, რომ ის არის კარგი კრიზის მენეჯერი, ხელისუფლებაში საუკეთესო კრიზის მენეჯერია ნამდვილად, მან ეს დაამტკიცა, მაგრამ გრძელვადიან თემებთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები. აქამდე ჩვენ თუ გეგმა არა, საგზაო რუკა მაინც უნდა გვქონოდა, რა მეთოდებით აპირებს ხელისუფლება მოქმედებას და რა ტიპის ეკონომიკის მშენებლობას აპირებს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ დაინიშნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რისი ალბათობა რეალურია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია გადამწყვეტ უმრავლესობას ვერ მოიპოვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2021
ვიქტორ ყიფიანი - მოსკოვს ჰიბრიდულ-რევიზიონისტული საგარეო კურსის შესანარჩუნებლად სჭირდება ჟენევის მსგავსი ფორმატები, ძველი ან ახალი „წითელი ხაზების“ მონიშვნით საკუთარი და სხვისი ძალების მოსინჯვა
შვეიცარული პრემიუმ ბრენდი HORMETA უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ში
ვაშლის და საზამთრო-ნესვის არომატი – "სნო" ზაფხულს წყლის ახალი არომატებით იწყებს (R)
მოგზაურობა ძველ თბილისში და კულინარიული სამოთხე გურმანებისთვის - თბილისში უნიკალური სივრცე „ბაზარი“ გაიხსნა
ბინა განვადებით ლარში - „თეთრი კვადრატის“ ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების ბაზარზე