Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე პრეზიდენტი - ჩვენ შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევით, რომელიც საქართველოს განათლების სამინისტრომ გამოავლინა

კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცე-პრეზიდენტმა ენტონი სალსიტომ COVID-19-ის კრიზისის პირობებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების ხელშესაწყობის მიზნით გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

„შთაგონებული ვართ იმ უზარმაზარი ძალისხმევითა და სიმტკიცით, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ სისტემის ადაპტაციის დროს გამოავლინა. სწორედ ეს ნაბიჯები დაეხმარა მოსწავლეებს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, სწავლის შეუფერხებლად გაგრძელებაში. OECD-მა საქართველო აღიარა, როგორც წამყვანი ქვეყანა ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ გვსურდა, შესაძლებლობა მიგვეცა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, უფრო მეტი გაეგოთ საქართველოს მიდგომებისა და განვლილი გზის შესახებ. ვამაყობთ, რომ მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტს შემოუერთდა და განათლების სექტორში მოღვაწე 300-ზე მეტ ლიდერს თავისი გამოცდილება გაუზიარა“,-განაცხადა მან.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ ვირტუალური განათლების ტრანსფორმაციის პირველ სამიტში მიიღო მონაწილეობა, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მათ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საქართველოს განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები გააცნო.

მათივე ცნობით, სამიტში მონაწილეობა ასევე მიიღეს ავსტრიისა და ეკვადორის განათლების მინისტრებმა, კორპორაცია Microsoft-ის, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციისა (UNESCO) და ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OECD) 2020 წლის ანგარიშში, რომელიც COVID-19-ის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევად გამოაქვეყნა, 98 ქვეყნას შორის საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად შეაფასა.

Microsoft-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჩხენკელმა OECD-ის განათლების დირექტორატის ხელმძღვანელს ანდრეას შლაიხერს, მაღალი შეფასებისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა