მიხეილ კალანდიას ადვოკატის განცხადებით, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის გადაწყვეტილებით, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ დისციპლინარული სამართალწარმოება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზურაბ თოდუა აცხადებს, საქმე ეხება საბჭოში 5 მარტს შეტანილ მის საჩივარს. მან ასევე, დამატებით საჩივარი დღესაც შეიტანა.

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მიმდინარეობს დისციპლინარული სამართალწარმოება მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიმართ მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვის სტადიაზე გამოვლენილი სავარაუდო დისციპლინარული გადაცდომისა და სხვა ფაქტების შესახებ.

საქმე ეხება 2020 წლის 5 მარტს დამოუკიდებელ ინსპექტორთან შეტანილ საჩივარს, რომელიც ეხება მიხეილ კალანდიას საქმის განმხილველი მოსამართლის მიერ მოსამართლისადმი დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობას. კერძოდ: სხდომების მიმდინარეობისას მოსამართლე ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინოს მოწმეებს, მხარეებს, ექსპერტებს, დაკავებულია ისეთი საქმიანობით, რაც არ არის კანონმდებლობით გათვალისწინებული და წარმოადგენს უხეშ დარღვევას. კერძოდ: მოსამართლე, მისი კუთვნილი ტელეფონის მეშვეობით, აშკარად ერთობა სოციალური ქსელით, ანუ არ უსმენს მოწმეთა, ექსპერტთა დაკითხვას, იგნორირებს წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევას, განსაკუთრებით კომფორტულადაა მობილურ ტელეფონთან, როდასაც დაცვა იწყებს ბრალდების მოწმეების დაკითხვას, ასევე საერთოდ არ აინტერესებს, მთლიანად ჩართულია ქსელში ბრალდებისა და დაცვის დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის ეტაპებზე; მოსამართლე მისი კუთვნილი ტელეფონით, როგორც დახურულ, ასევე ღია სასამართლო სხდომას სავარაუდოდ, ასმენინებს (ტრანსლირებს სხდომას) სხდომის შედეგით დაინტერესებულ პირთან.

ვფიქრობ, დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კონკრეტულ ფაქტზე პრეცედენტის შექმნა პირდაპირ პროპორციულად აისახება, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მოსამართლის იმიჯზე, ასევე თვით ამ სამსახურის ავტორიტეტზე“, - აცხადებს თოდუა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა