სოფო კილაძე - freedom house-ის დასკვნა და მისი ობიექტურობა სერიოზულად უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე freedom house-ის ანგარიშის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

როგორც ის აცხადებს, ამ ორგანიზაციამ თავის ანგარიშში მიუთითა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ადამიანის უფლებების კუთხით, ვიდრე საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.

„ამ ორგანიზაციის დასკვნის ობიექტურობა ვფიქრობ, სერიოზულად დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ ორგანიზაციამ წელსაც და გასულ წელსაც თავის ანგარიშებში დაწერა, რომ თითქოს ადამიანის უფლებების კუთხით აფხაზეთში გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ეს იმ ფონზე, როცა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ 300 000 ქართველზე მეტია დევნილი საკუთარი სახლიდან; იმ ფონზე, როცა ათიათასობით ეთნიკურად ქართველის უფლებები ირღვევა ყოველდღიურად; იმ ფონზე, როცა ეს არის რეჟიმი, რომელიც კლავს და ხოცავს ადამიანებს, ამიტომ ვფიქრობ, ამ ორგანიზაციის დასკვნა და მისი ობიექტურობა სერიოზულად უნდა დავაყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ,“- აცხადებს კილაძე.

კილაძე ასევე გამოეხმაურა ამავე ანგარიშის ერთ ნაწილს, სადაც საუბარია ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტირებაზე და განაცხადა, რომ აქაც ორგანიზაციას, კრიტიკის ადრესატი შეეშალა.

„მაშინ როცა ოპოზიციას უნდა ემუშავა და დებატები უნდა გაემართათ პარლამენტში, ბოიკოტი გამოაცხადეს იმიტომ, რომ დრო ჰქონოდათ რევოლუციური სცენარისთვის, ხან პარლამენტს აბოქლომებდნენ, ათას პროვოკაციას ეწეოდნენ და ჩვენმა საზოგადოებამ კარგად დაინახა, თუ რაში გამოიყენეს მათ ის დროს, რომელიც პარლამენტში დებატების წარმართვისთვის უნდა გამოეყენებინათ. თუმცა, მაშინ როცა პანდემიაა ქვეყანაში და სასწრაფოდ საჭიროა, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც კონკრეტულ ადამიანებს დაეხმარონ, ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინონ, ამ შემთხვევაში მოუნდათ პარლამენტში დებატების გამართვა. მგონია, რომ ნამდვილად არის ეს უკან გადადგმული ნაბიჯი, ოღონდ მგონია, რომ freedom house-ს შეეშალა კრიტიკის ადრესატი. კრიტიკის ადრესატი არ უნდა იყოს ქართული სახელმწიფო, არამედ უნდა იყოს ოპოზიცია, რომელიც უპასუხისმგებლოდ იქცევა,“- განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, Freedom House-მა ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია რაც საქართველოს პოლარიზებული პოლიტიკის პრობლემური ნაწილი იყო, თუმცა დაპატიმრებებმა და მთელმა რიგმა სადავო სასამართლო საქმეებმა 2019 წელსა და 2020 წლის დასაწყისში კიდევ უფრო დაამძიმა ისედაც დაძაბული ვითარება“.

ანგარიშში ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და პოლიტიკური ლიდერის გიგი უგულავას საქმეებიცაა განხილული და ამასთანავე აღნიშნულია, რომ უზენაეს სასამართლოში 14 ახალი მოსამართლის უვადოდ წარგზავნა „უკიდურესად წარუმატებელი და არაპროფესიონალური პროცესის“ შედეგად მოხდა.

ამასთან, ანგარიშში საუბარია საარჩევნო სისტემაზე და ნათქვამია, რომ მმართველ პარტიას, მის მიერ გაცემული დანაპირები რომ შეესრულებინა, ქვეყნის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შანსს შეამცირებდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს