ირაკლი კოვზანაძემ მერსედეს ვერა-მარტინთან და სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერსედეს ვერა-მარტინთან და ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში სელიმ ჩაკერთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სავალუტო ფონდის ინიციატივით გამართულ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს ფონდის დირექტორთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით საქართველოსთვის 400 მილიონ დოლარზე მეტი რესურსი ხდება ხელმისაწვდომი. აღნიშნული საბიუჯეტო დახმარებიდან 201.3 მლნ დოლარი დღეს გადმოირიცხა. ირაკლი კოვზანაძემ მადლობა გადაუხადა მერსედეს ვერა-მარტინს ქვეყნისთვის გაწეული დახმარებისთვის. თავის მხრივ, სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც სავალუტო ფონდისგან სოლიდურ ფინანსურ დახმარებას იღებს. მერსედეს ვერა-მარტინის თქმით, თანხა ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამების და ჯანდაცვის სისტემის საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება.

ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, ყურადღება გამახვილდა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფასების სტაბილურობის საკითხებზე, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე. საუბარი შეეხო საფინანსო სექტორის მდგრადობის საკითხებს, მათ შორის საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას.

გარდა ამისა, სავალუტო ფონდის წარმომადგენლები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის დროს. ირაკლი კოვზანაძემ მათ მიაწოდა ინფორმაცია გარკვეული კანონპროექტების შესახებ, რომლებიც შემოსულია პარლამენტში. კერძოდ, „სახელმწიფო პენსიების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც პენსიების ინდექსაციას გულისხმობს. ასევე ისაუბრეს გაკოტრების შესახებ კანონპროექტზეც.

როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული

„პანდემიამ ბუნებრივია, გავლენა იქონია პარლამენტის საქმიანობაზე, აპარატის თანამშრომლები დისტანციურად სახლიდან მუშაობენ, ამის მიუხედავად, ყველა აუცილებელი კანონპროექტი დროულად იქნება მიღებული“, -განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტიური ჩართულობის განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს საფინანსო და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა