ადვოკატი - სავარაუდოდ, საზოგადოებრივმა ზეწოლამ შედეგი გამოიღო და პროკურატურა იძულებული გახდა, მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა

სავარაუდოდ, საზოგადოებრივმა ზეწოლამ, საზოგადოებრივმა აზრმა თავისი შედეგი გამოიღო და პროკურატურა იძულებული გახდა, მერაბ კობიაშვილზე თავდასხმაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მიეცა, - ასე გამოეხმაურა „ინტერპრესნიუსთან“ გუდაურში მომხდარი განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე კობიაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე პირებისთვის ბრალის წარდგენას.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც ბრალდებულ მერაბ კობიაშვილზე იძალადეს, მომხდარიდან რამდენიმე დღეშივე იყო შესაძლებელი.

„ის, რომ აღნიშნულმა პირებმა კობიაშვილის მიმართ თავდასხმა განახორციელეს, არათუ, რამდენიმე თვის შემდეგ, არამედ, პირველივე დღეს იყო ძალიან ნათლად გამოკვეთილი და გარკვეული. გუშინ, როცა მერაბ კობიაშვილს მორიგი აბსურდული ბრალდება წაუყენეს, საზოგადოების მხრიდან ამას დიდი აღშფოთება მოჰყვა, ხალხი გაკვირვებას გამოხატავდა, თუ რატომ არ არიან დასჯილი ის პირები, რომლებიც მერაბ კობიაშვილს რამდენჯერმე დაესხნენ თავს და სხვადასხვა დაზიანება მიაყენეს. ამ თვეების განმავლობაში საზოგადოების მხრიდან ეს კითხვები ისმოდა და პროკურატურის მხრიდან აღნიშნულ კითხვებს პასუხი არ მოჰყოლია. სავარაუდოდ, საზოგადოებრივმა ზეწოლამ, საზოგადოებრივმა აზრმა თავისი შედეგი გამოიღო და პროკურატურა იძულებული გახდა ის პირები მიეცა პასუხისგებაში, რომელთა პასუხისგებაში მიცემაც მეორე, მესამე დღესვე იყო შესაძლებელი და არა რამდენიმე თვის შემდეგ“, - განაცხადა კაკაბაძემ.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მათ საქმეზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოიპოვეს, რომელსაც სასამართლოში წარადგენენ.

„რაც შეეხება თავად მერაბ კობიაშვილის სისხლის სამართლის საქმეს, დღეს იწურება მხარეთა შორის მტკიცებულებების გაცვლის ვადა და წინასასამართლო სხდომისთვის ვემზადებით. ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოძიება ჩავატარეთ, საკმაოდ ბევრი მტკიცებულება მოვიპოვეთ, რომელიც საქმეზე სწორი კვლიფიკაციისათვის გადამწყვეტია და არსებითად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ჭეშმარიტება დადგინდეს და სასამართლომ ისეთი გადაწყვეტლება გამოიტანოს, რომელიც შესაბამისობაშია იმ რეალობასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ მართლმსაჯულებას ჭეშმარიტების დადგენაში დავხმარებოდით“, - განაცხადა კაკაბაძემ.

წინასასამართლო პროცესი 13 მაისსაა დანიშნული.

ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს