საია - ნარკოტიკების ჩადების საქმეზე საქართველომ მომჩივნის სამართლიანი განხილვის უფლება დაარღვია

2020 წლის 7 მაისს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საია-ს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრის ერთობლივ საქმეზე მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დარღვევა დაადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

საია-ს ცნობით, გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკის დროს მომჩივანს დაუსაბუთებლად არ მიეცა დამსწრეების მოწვევის უფლება და ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს მისი არგუმენტი პოლიციელთა მხრიდან ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2007 წლის 3 ივლისს მომჩივანი მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს. სოდ-ის თანამშრომლებმა მომჩივნის მანქანაც გაჩხრიკეს. შედეგად მომჩივნის შარვლის ჯიბიდან და მანქანის უკანა სავარძლიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. იმავე დღეს სოდ-ის თანამშრომლებმა ჩხრეკა მომჩივნის ბინასა და ავტოფარეხში ჩაატარეს, საიდანაც ასევე, ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. საია-ს ცნობით, ოთხივე ჩხრეკა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარდა და ისინი კანონიერად სასამართლომ მხოლოდ მოგვიანებით ცნო.

როგორც საია-ში განმარტავენ, მომჩივანი და მისი ოჯახის წევრები ითხოვდნენ, რომ მათ ჩხრეკაზე დამსწრეების მოწვევის უფლება მისცემოდათ, რასაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, თუმცა, სოდ-ის თანამშრომლებმა მათ აღნიშნულზე უარი დაუსაბუთებლად განუცხადეს.

„მომჩივანმა და მისმა ოჯახის წევრებმა ჩხრეკის ოქმებს ხელი არ მოაწერეს, განმარტეს რა, რომ ნარკოტიკული საშუალებები მათ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

მომჩივანმა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2009 წლის 18 მაისს მიმართა. წარდგენილ საჩივარში მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის დადგენას ითხოვდა. წინამდებარე გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის საჩივარი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ საქართველომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაარღვია“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც საია-ში განმარტავენ, სასამართლოს გადაწყვეტილება შემდეგ არგუმენტებს ეფუძნება:

„ ჩხრეკები ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც არ ერთვოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს. შესაბამისად, ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეაფასეს ინფორმაციის საფუძვლიანობა, მათ შორის, რამდენად არსებობდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ჩხრეკის ჩასატარებლად, რამდენად საფუძვლიანი იყო ვარაუდი, რომ მომჩივანს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალებები ან/და რა სახის ნარკოტიკი ჰქონდა თან და არსებობდა თუ არა სასამართლოს განჩინების გარეშე გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების საჭიროება; დადგენილებები ჩხრეკების გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარების შესახებ არ შეიცავდა რაიმე დასაბუთებას იმ მიზეზების შესახებ, რაც გაამართლებდა ჩხრეკის ჩატარებას სასამართლოს განჩინების გარეშე; სოდ-ის თანამშრომლების უარი ჩხრეკებზე დამსწრეების მოწვევასთან დაკავშირებით არ იყო დასაბუთებული; მართალია, მათ მიუთითეს გადაუდებელ აუცილებლობაზე, თუმცა, ჩვენებებში ან/და პოლიციის პატაკში ვერ დაასაბუთეს, კონკრეტულად რა სახის გადაუდებელი აუცილებლობა არსებობდა, რომელიც გაამართლებდა მომჩივნისთვის ამ უფლების შეზღუდვას“ , - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, საია-ს ცნობით, ევროპულმა სასამართლომ დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საქალაქო სასამართლომ მომჩივანს უარი უთხრა ჩატარებული ჩხრეკების უკანონოდ ცნობაზე იმ არგუმენტით, რომ ჩხრეკის კანონიერება სასამართლოს უკვე შემოწმებული ჰქონდა. ხოლო სააპელაციო სასამართლომ მომჩივანს შაბლონურად, სათანადო დასაბუთების გარეშე უპასუხა, რომ სახეზე არ იყო პროცედურული დარღვევები. სასამართლომ ასევე, აღნიშნა, რომ ის ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა მოპოვება მოხდა ჩხრეკის შედეგად, არ იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

რაც შეეხება სოდ-ის თანამშრომლების ჩვენებებს, საია-ს ინფორმაციით, მათ ინტერესი ჰქონდათ ბრალდების შედეგის მიმართ. მათი ინტერესი განსაკუთრებით ცხადი იყო მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, რომელიც აღნიშნავდა, რომ მას ნარკოტიკები სწორედ სოდ-ის თანამშრომლებმა ჩაუდეს. მიუხედავად მათი აშკარა ინტერესისა, ეროვნულმა სასამართლოებმა მათი ჩვენებები ავტომატურად ობიექტურ მტკიცებულებებად მიიჩნიეს, განსხვავებით მომჩივნის და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებისგან, რომელიც სასამართლომ არასარწმუნოდ და სუბიექტურად ჩათვალა. ამგვარად, როგორც საია-ში აცხადებენ, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნის მიმართ ძირითადი მტკიცებულების მოპოვების წესი აჩენს კითხვებს მათ სანდოობასთან დაკავშირებით. ამასთან, ჩხრეკის დროს დაშვებულმა პროცედურულმა დარღვევებმა, სასამართლო კონტროლის არაადეკვატურობამ, მათ შორის, ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებით მომჩივნის არგუმენტების არასათანადო შეფასებამ, სასამართლო პროცესი მთლიანად არასამართლიანი გახადა, რის გამოც მომჩივნის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-6 (1) მუხლი. საია-ს განმარტებით, ბოლო წლებში არაერთი გახმაურებული საქმე ყოფილა, რომელიც სამართალდამცავთა მხრიდან იარაღის ან/და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ჩადების თაობაზე აჩენდა ეჭვებს. მეგრელიშვილის საქმის მსგავსად, საია-ს ევროპულ სასამართლოში დამატებით სამი საქმე აქვს წარდგენილი, რომელიც სწორედ იდენტურ პრობლემებზე მიუთითებს.

შესაბამისად, საია-ში მიიჩნევენ, რომ ცხადი ხდება, რომ არსებული მართლმსაჯულების სისტემა არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს, რომელიც პირებს სამართალდამცავი პირების მხრიდან შესაძლო თვითნებობისგან დაიცავდა. საია-ს განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც მეგრელიშვილის საქმე არსებულ სტრუქტურულ და სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, მნიშვნელოვანია საქართველომ გაატაროს შესაბამისი ინდივიდუალური თუ ზოგადი ღონისძიებები გადაწყვეტილების ეფექტიანად აღსასრულებლად და არსებული ხარვეზების დროულად აღმოსაფხვრელად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს