საქართველოს ბიზნესასოციაცია ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას მიესალმება

საქართველოს ბიზნესასოციაცია ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას მიესალმება. აღნიშნულის შესახებ „ინტეპრესნიუსს“ ბიზნესასოციაციიდან აცნობეს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებს ბიზნესასოციაცია კარგად აცნობიერებს, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს. დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემილოგების ძალისხმევით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მიდგომის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შენელებულია და შესაბამისად, ყოველდღიურად უმჯობესდება ეპიდსიტუაცია. ამასთან, ვხედავთ იმასაც, რომ კრიტიკულად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ავამუშავოთ ეკონომიკა და ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულებს, რაც პანდემიამდე გვქონდა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კარგად ვაცნობიერებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსაც, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი საუბრობს ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობას, ასევე ცალკეული ბიზნეს სუბიექტის, ყოველი დასაქმებულისა და მოქალაქის პასუხისმგებლობას, რომ საფრთხის სრულად აღმოფხვრამდე განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, სრულად და განუხრელად დავიცვათ საკუთარი დასაქმებულების თუ მომხმარებლების უსაფრთხოება. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიური, აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების რეჟიმშია ბიზნეს სექტორთან. შესაბამისად, გვქონდა რა სრული ინფორმაცია გასული ორი თვის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკის შესახებ, გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით გადაეხედათ და შეემცირებინათ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესის ამოქმედებისთვის დადგენილი ვადები. მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიისგან მომდინარე საფრთხეების შემცირების ფონზე, ეკონომიკის აღდგენა და ბიზნესის მხარდაჭერა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების განცხადებული მორიგი ტალღა, რომელიც 11 მაისიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილისთვის. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ შეზღუდვების მოქმედების ქვეშ დარჩენილ კომპანიებსაც ძალიან მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებას და COVID 19-ის გამო შექმნილი რთული სოციალური ვითარების გაუმჯობესებას“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს