ვანო მაჭავარიანი უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოძახებაზე - ეს არის ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება

ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის დიპლომატიურ პრაქტიკაში ერთ-ერთი უკიდურესი ფორმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ეს ხდება ხოლმე ძალიან მძიმე კრიზისის დროს. სააკაშვილის დანიშვნა რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად არ არის კრიზისი, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განუცხადა.

ვანო მაჭავარიანის თქმით, მსგავსი რეაგირება გადამეტებულია და ასეთმა რეაქციამ შესაძლოა, მართლაც გამოიწვიოს ორი ქვეყნის ურთიერთობებში გარკვეული კრიზისი. ამასთან, როგორც ექსპერტი ამბობს, საგარეო უწყების ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კითხვის ნიშნები გაუჩინოს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებსაც.

„ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის შიშებზე და მოთხოვნებზე აწყობილი „ქართული ოცნების“ მთავრობის რეაგირება. უბრალოდ, წინ უნდა გაიხედონ, რადგან ამან მართლა შეიძლება გამოიწვიოს ორ ქვეყანას შორის ძალიან სერიოზული პრობლემა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებით თანამშრომლობის კუთხით. ასევე, ამან შეიძლება სერიოზული კითხვები გამოიწვიოს აშშ-სა და ევროპაში. ხელისუფლებამ წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს. სააკაშვილის დანიშვნა არ არის ორ ქვეყანას შორის იმ კრიზისის პიკი, რომელზეც ამ ტონალობით, ამ მოთხოვნით და ამ სარჩულით საქართველოს მთავრობა და მისი საგარეო უწყება უნდა რეაგირებდეს. მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის გადამეტებული. აქედან გამომდინარე, ერთადერთი მიზანი არის ივანიშვილისთვის ანგარიშის გაწევა, რომელიც უკავშირდება სააკაშვილისადმი მის პირად დამოკიდებულებას,“- აცხადებს მაჭავარიანი.

ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ მსგავსი პოზიციის დაფიქსირება საქართველოს, როგორც ევროპული დასავლური ტიპის ქვეყნის იმიჯს აზიანებს, რადგან უკრაინაში მსგავს თანამდებობაზე კონკრეტული პირის დანიშვნა აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხდება. ექსპერტი ვარაუდობს, რომ სწორედ ეს მხარდაჭერა აშფოთებს საქართველოს ხელისუფლებას.

„ის არ დაუნიშნავს პუტინს, ის არის მხარდაჭერილი უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან და ასევე ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან. სწორედ აქ შემოდის როგორც ჩანს „ოცნებისთვის“ გარკვეული საფრთხე, რომ ხომ არ არის პირდაპირ სააკაშვილის დანიშვნა ამერიკელი და ევროპელი ლიდერების მიერ მხარდაჭერილი, რაც, რა თქმა უნდა, იმ იმიჯს, რომელიც იქმნება „ქართული ოცნების“ მხრიდან - სააკაშვილი როგორც საფრთხობელა ყოველი არჩევნების წინ, ქვეყნის დამაქცევარი - ეს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან სწორედ სააკაშვილი იქნა არჩეული უკრაინის პრეზიდენტის და უკრაინის პარტნიორების მხრიდან როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უკრაინას ევროპული ტიპის რეფორმები შესთავაზოს. რეფორმები, რომელსაც სააკაშვილი წამოიწყებს, წაადგება უკრაინის ევროპულ მომავალს, ხოლო თუ არ გამოუვიდა ეს რეფორმები, ესეც გამოჩნდება. შესაბამისად, მეტი მოთმინებაა საჭირო „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მხრიდან რომელებიც წინდაუხედავ განცხადებებს აკეთებენ,“- აღნიშნავს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, გუშინ, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს