საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების კონკურსი 2020“ გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს „დიდი იდეების კონკურსი 2020“ (Big Idea Challenge 2020) გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, მსოფლიოში Covid-19-ის პანდემიის გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით „დიდი იდეების კონკურსი 2020“ ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, კონკურსი ტარდება „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ (Creative Spark) პროექტის ფარგლებში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს მიერაა მხარდაჭერილი და დაფინანსებული, პროექტის პარტნიორი კი დიდი ბრიტანეთის კილის უნვერსიტეტია.

უნივერსიტეტის ცნობით, დიდი იდეების კონკურსი 2020“ მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს შეიმუშაონ და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური „სტარტაპები“ სამ კატეგორიაში: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური ზეგავლენა და კრეატივი. კონკურსის მიმდინარეობაში ონლაინ ჩართულნი არიან კილის უნივერსიტეტის პროფესორები კოლინ რიგბი და ფილიპა ჩეპმენი, ასევე ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენლები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, კონკურსის ჩატარება ბრიტანეთის საბჭოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რაც სამეწარმეო განათლების სფეროს განსავითარებლად დიდი ბრიტანეთის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა.

როგორც დავით გურგენიძემ აღნიშნა, კილის უნივერსიტეტის ხელშეწყობით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხორციელდება წარმატებით აპრობირებული „კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა“ (KRISP), რომელიც დიდ ბრიტანეთში საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობის სტიმულირებისა და მხარდაჭერისთვის შეიქმნა.

„დიდი იდეების კონკურსი 2020“, რომელიც დღეს გავხსენით, „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ჩვენს სტუდენტებს ეძლევათ რეალური შესაძლებლობა, მოიპოვონ გამარჯვება და ამით, საკუთარი იდეების რეალიზებისკენ პირველი ნაბიჯები გადადგან. დარწმუნებული ვართ, რომ პანდემიით გამოწვეული უჩვეულო ვითარება ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ხელს ვერ შეუშლის და ისინი სამეწარმეო სფეროში საკუთარი არაორდინალური და ინოვაციური გადაწყვეტილებების გენერირებას შეძლებენ. მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს, რომელიც მზად არის საკუთარი „დიდი იდეა“ დაამუშავოს, მიიღოს გამოცდილება და ცოდნა იმ მიზნით, რომ კონკურენტუნარიან სპეციალისტად და მეწარმედ ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვართ იმაშიც, რომ ჩვენი სტუდენტები მომავალში წარმატებით გამოიყენებენ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას“, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონკურსის პირველი ორი დღე მიზნობრივ მასტერკლასებსა და სემინარებს დაეთმობა, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.

მათივე ცნობით, სამეწარმეო ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარების მიზნით, მომზადდება სილაბუსი - „მეწარმეობა ინჟინრებისთვის“, რაც სამომავლოდ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაინერგება.

„კონკურსი მონაწილე სტუდენტებს დაეხმარება, თავიანთ ინოვაციურ იდეებს საბოლოო სახე მისცენ, მარკეტინგულად შეფუთონ და პოტენციური ინვესტორების მოსაზიდად 1-წუთიანი ეფექტური პრეზენტაციები მოამზადონ. კონკურსის ბოლო დღეს, 10 მაისს, ე.წ Elevator Pitch event-ი გაიმართება, სადაც კონკურსანტები, თავიანთი იდეების შესახებ ქართულ ენაზე 1-წუთიან მოხსენებებს წარმოადგენენ. ამის შემდეგ, სპეციალურად შედგენილ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მათი წინასწარი შეფასება მოხდება. კონკურსში გამარჯვებულთა გამოსავლენად საბოლოო გადაწყვეტილებას ჟიური მიმდინარე წლის 25 მაისამდე მიიღებს, მას შემდეგ, რაც კონკურსანტების მიერ მომზადებული პრეზენტაციების ვიდეოჩანაწერებს ინგლისურ ენაზე გაეცნობა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან პროექტს ახორციელებს სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური, რომელიც კოორდინაციაშია სტუ-ის კომერციალიზაციის დეპარტამენტთან. პროექტის მთავარი პარტნიორები არიან სტუ-ის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტს ორგანიზებას უწევს ტექნიკური უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი. პროექტში უშუალოდ ჩართულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი“, - აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო