გიორგი გახარია - უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს, ინტერესი გამოთქვა ისრაელმა, ავსტრიამ, დიდი ხანია არსებობს მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი

უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სხვადასხვა სახელმწიფოს, ინტერესი გამოთქვა ისრაელმა, ავსტრიამ, დიდი ხანია, არსებობს ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესი. გვაქვს შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ - საერთაშორისო დონეზე , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილთან ვიდეოკონფერენციისას განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიდეოკონფერენციისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა ბოლო წლების განმავლობაში ტურიზმია და ხელისუფლებას კარგად ესმის, რამდენად მაღალი იქნება გლობალური კონკურენცია.

მათივე ცნობით, ვიდეოკონფერენციისას ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.

„გვესმის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის რისკი არის და გახსნის ეს გრაფიკი, რომელიც თარიღების მიხედვით გამოვაცხადეთ, მუშაობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ერთ თვეზე მეტი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა ტურიზმისთვის ინფრასტრუქტურა მოვამზადოთ. გვესმის, რომ კრიტიკული წერტილებია ტრანსპორტი, აეროპორტი, სახმელეთო საზღვარი, სასტუმრო. ველოდებით თქვენს ინსტრუქციებს, რას გამოაცხადებთ საერთაშორისო დონეზე ტურისტულად უსაფრთხო ზონებად და რა ინსტრუმენტები და წესები იქნება დასაცავი. უსაფრთხო დერეფნებზე ჩვენი საელჩოები უკვე ესაუბრებიან სახელმწიფოებს. ინტერესი უკვე გამოთქვა ისრაელმა, ინტერესი არის ავსტრიიდან, დიდიხანია მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან არსებობს ინტერესი და გვინდა, ამ მიმართულებით ვითანამშრომლოთ. ჩვენთვის ეს ყველაფერი არის შესაძლებლობა, ტურიზმი, როგორც ეკონომიკის დარგი, ნელ-ნელა გავხსნათ, ჯერ შიდა, შემდეგ - საერთაშორისო დონეზე; შეძლებისდაგვარად, იმ ხარისხიდან გამომდინარე, რა ხარისხითაც შევასრულებთ თქვენს და ჩვენს შიდა მოთხოვნებს, შევუერთდეთ ევროპის ტურისტულ ბაზარს და ამაში გვჭირდება თქვენთან თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან საუბრისას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა