დავით ზალკალიანი - რუსეთის მიზანი უცვლელია: ხელი შეუშალოს ევროპულ ქვეყნებს  საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, რისი დასტურიც საქართველოსა და უკრაინის მაგალითებია

„დღეს ჩვენ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 75-ე წლისთავს აღვნიშნავთ - ომის, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სიმბოლურია, რომ სწორედ ომის ფერფლზე აღმოცენდა გაერო - ორგანიზაცია, რომლის წესდებაც საერთაშორისო ურთიერთობათა მშვიდობიანად წარმართვას, ძალის გამოყენების აკრძალვასა და მომავალში არაადამიანური სისასტიკეების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ონლაინ-სხდომაზე განაცხადა, რომელიც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75-ე წლისთავს მიეძღვნა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაეროს ოჯახის წევრობა საქართველოსთვის მოსაპოვებელ გამარჯვებად იქცა, ვინაიდან ქვეყანა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ, ზალკალიანის თქმით, საქართველოს სრულად აქვს გათავისებული გაერო-ს ძირითადი მიზნები და პრინციპები და დღეს ის ძალღონეს არ იშურებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. თუმცა, ზალკალიანის განმარტებით, მიუხედავად საქართველოს კონსტრუქციული პოლიტიკისა, რუსეთის მოქმედების ტაქტიკა არ იცვლება და ის საკუთარი გავლენების გასაძლიერებლად აქტიურ ნაბიჯებს დგამს, კერძოდ, სისტემატიურად არღვევს საერთაშორისო წესრიგის მთავარ პრინციპებს, მათ შორის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობისა და ქვეყნების მიერ თავიანთი მომავლის თავისუფლად არჩევის პრინციპებს.

ზალკალიანის თქმით, რუსეთის სტრატეგიული მიზანი უცვლელია: ხელი შეუშალოს ევროპულ ქვეყნებს თავიანთი საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევაში, რის დასტურსაც რეგიონში საქართველოსა და უკრაინის მაგალითები წარმოადგენს. ზალკალიანის განცხადებით, გლობალური პანდემიის პირობებშიც კი, რუსეთი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ნიშნების განთავსების უკანონო პროცესს განაგრძობს, რაც საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეში დარღვევაა. მისი განცხადებით, საქართველოს რეგიონებში საოკუპაციო ძალების ყოფნა მძიმედ აისახება ადგილზე არსებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე, ადგილობრივ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება ძირითად სერვისებზე, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებაზეც კი. „აღნიშნულ ფონზე, გაერო-ს ქარტიის პრინციპების უხეშ დარღვევებზე თვალის დახუჭვა აზიანებს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალში სასტიკი ქმედებების თავიდან აცილების პერსპექტივას“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, მაშინ როდესაც საქართველო პირნათლად ასრულებს ძალის არგამოყენების ვალდებულებას და ამაოდ ელის რუსეთის მხრიდან საპასუხო ნაბიჯის გადადგმას, საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ უნდა მოსთხოვოს რუსეთს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

მინისტრის განცხადებით, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით გაერო-ს მხრიდან 75 წლის მანძილზე გაწეული მუშაობის მიუხედავად, მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს გადაუწყვეტელი კონფლიქტები. „სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელია გავაძლიეროთ ძალისხმევა გაერო-ს ქარტიისა და მისი პრინციპების მიმართ ჩვენი ერთგულების განსამტკიცებლად“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს