გია ვოლსკი - უკრაინა და საქართველო სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თანამეგობრობის საგანგებოდ მნიშვნელოვანი წევრები არიან და აქედან გამომდინარე ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს

უკრაინა და საქართველო სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თანამეგობრობის საგანგებოდ მნიშვნელოვანი წევრები არიან და აქედან გამომდინარე ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. ვოლსკის თქმით, მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე.

„ეს არ არის მხოლოდ ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ფორმატი. ჩვენი ურთიერთობები ჩამოყალიბებულია მრავალმხრიან პლატფორმაზე, რასაც ჰქვია რეგიონალური უსაფრთხოება, საერთაშორისო უსაფრთხოება და ჩართულები ვართ სერიოზულ პროგრამებში. სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური თანამეგობრობის საგანგებოდ მნიშვნელოვანი წევრები ვართ და აქედან გამომდინარე ანგარიში უნდა გავუწიოთ ერთმანეთს. არამარტო ჩვენ, არამედ მსოფლიოში არ არის მიღებული, რომ ერთ ქვეყანაში გასამართლებული ადამიანი მეორე ქვეყანაში ინიშნებოდეს რაიმე თანამდებობაზე, თუნდაც მეოცეხარისხოვან თანამდებობაზე. გაცილებით უფრო მეტი საკითხებია საინტერესო ჩვენ ირგვლივ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ასევე გამოეხმაურა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ეს უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხია და რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და არა - საქართველოსი.

„ეს ორმხრივ ურთიერთობაში გარკვეული ჩრდილია და ჩვენი მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის აგებული და დამყარებული გარკვეულ სტანდარტზე, რომელიც მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია. ის, რომ რასაც გვინდა გავაკეთებთ, ეს მაინც და მაინც კარგი პასუხი არ არის, თუმცა ჩვენი ურთიერთობა საკმაოდ სერიოზულ და მრავალმხრივ ურთიერთობებს მოიცავს, არამხოლოდ ორმხრივ ფორმატში,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 7 მაისს უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. 8 მაისს კი საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინაში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის კონსულტაციებისთვის თბილისში გამოძახების გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა