მარინა ეზუგბაია - ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სხვები საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც კლინიკაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და გაეწერნენ 86-ს შეადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა, კლინიკაში მოთავსებული 40 პაციენტიდან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო სხვების საშუალო სიმძიმის.

ამასთან, ეზუგბაიას თქმით, ამჟამად კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს და ახალი პაციენტების წყარო, ძირითადად, თეთრიწყაროა.

„ქვეყანაში 9 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა და ამჟამად კორონავირუსის 635 შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 12 პაციენტით გაიზარდა და ამჟამად 309-ს შეადგენს. როგორც იცით, 10 ადამიანია გარდაცვლილი. ამ მონაცემების შეჯერებით, ამ ეტაპზე კორონავირუსის სამკურნალო დაწესებულებებში 316 პაციენტი მკურნალობს. ახალი პაციენტების წყარო, ძირითადად თეთრიწყაროა.

ჩვენთან 40 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, სხვები კი ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დაგვემატა და უკვე ჩვენი კლინიკიდან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს, 86-ს შეადგენს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში, პაციენტების ტესტი კორონავირუსზე ორჯერადად უარყოფითი უნდა იყოს.

„ჩვენ მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს და გამოჯანმრთელებულთა რიცხვის ზრდას ველოდებით. ყოველდღიურად დაახლოებით 4-5 ადამიანის მონიტორინგი ტარდება და მიღებული პასუხების გათვალისწინებით ხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება. როგორც თქვენთვის ცნობილია, ვირუსზე ორჯერადად უარყოფითი პასუხი უნდა იყოს“, - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა