გიგლა მიქაუტაძე - ჩინეთიდან საწარმოებს მოვიზიდავთ მაშინ, როცა პოლიტიკური და საინვესტიციო გარემო შეიცვლება

ჩინეთიდან საწარმოებს მოვიზიდავთ მაშინ, როცა შეიცვლება პოლიტიკური და საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მიქაუტაძე აღნიშნავს, ჩინეთიდან საერთაშორისო კომპანიების მოსაზიდად საქართველოს სათანადო ბიზნესგარემო არ გააჩნია.

,,გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა 400 კომპანიაზე, რომელთანაც მთავრობა საქართველოში საწარმოების გადმოტანაზე გეგმავს მოლაპარაკებას. მივესალმებით იმას, რომ „ლელოს“ იდეა, ჩინეთიდან საერთაშორისო კომპანიების მოზიდვასთან დაკავშირებით, მთავრობამ მყისიერად აიტაცა. თუმცა, დღეს მისი ხორცშესხმისთვის საქართველოს არც სათანადო ბიზნესგარემო გააჩნია და არც შესაბამისი მთავრობა, სამწუხაროდ. ფაქტი არის ის, რომ წლებია ჩვენი ქვეყნის მთავრობისადმი ნდობა ეროზიას განიცდის საერთაშორისო მასშტაბით და ის დღეს ისტორიულად დაბალ ნიშნულზეა. განსაკუთებით მას შემდეგ, რაც ხელოვნურად შეფერხდა ანაკლიის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი, ხოლო მისი ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყო დევნა ცრუ ბრალდებებით პოლიტიკურად ანგაჟირებული სახელმწიფო უწყებების მიერ. ეს შეფასება ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ეკუთვნის. ინვესტორების ინტერესის შემცირება აისახა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც. 2018 წელს ის შემცირდა 35 %-ით, 2019 წელს კი არ გაზრდილა და მშპ-სთან შეფარდებით ბოლო წლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა (7.1%). მიუხედავად რამდენიმე საერთაშორისო რეიტინგში მოწინავე პოზიციებისა, საქართველომ დაბალი ადგილი დაიკავა ისეთ კვლევებში, რომლებიც გადამწყვეტია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. მაგალითად, 2019 წელს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა და მსოფლიოში 74-ე ადგილზე აღმოჩნდა. აღნიშნული კვლევით კრიტიკულად დაბალი ქულით შეფასდა: სასამართლოს დამოუკიდებლობა (80-ე ადგილი), მთავრობის გრძელვადიანი გეგმები (83), ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა (83), საზღვაო სატრანსპორტო კავშირები (100), მუშა ხელის კვალიფიკაცია (125) და სხვა. დაბალ, 119-ე ადგილზეა საქართველო მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსშიც, რაც საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების დაბალ დონეზე მიუთითებს. სამეზობლოში გვისწრებს ყველა ქვეყანა: სომხეთი 92-ე ადგილით, რუსეთი 75-ე ადგილით და თურქეთი 47-ე ადგილით. ამ ფონზე, კი წარმოუდგენელია საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თუნდაც, ერთი მსხვილი ინვესტორის დარწმუნება შეძლოს. დღეს, როცა ჩინეთიდან საწარმოები გასვლას გეგმავენ, საქართველოს მართლაც გაუჩნდა უნიკალური შანსი მოიზიდოს ეს კომპანიები. თუმცა, ამისთვის აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ასევე, თანამედროვე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამ კონტექსტში, საერთაშორისო ინვესტორებისთვის მთავარი მიზიდულობის ცენტრი შეიძლება გახდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან ერთად, ქალაქი ანაკლია, სადაც განსაკუთრებული საგადასახადო და სამართლებრივი გარემო შეიქმნება, ისე, როგორც ამას ითვალისწინებს ბრიტანელი და იაპონელი ექსპერტების მიერ შემუშავებული გეგმა. პროექტი კი, როგორც ცნობილია, შეჩერებულია. ზემოთქმული წინაპირობების გარეშე, თავს ნუ მოვიტყუებთ, ინვესტორებთან საუბარი მხოლოდ წყლის ნაყვა და ყალბი მოლოდინის შექმნაა“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა