პრემიერის განცხადებით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს იმისთვის, რომ მოგზაურობა შესაძლებელი იყოს

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს იმისთვის, რომ მოგზაურობა შესაძლებელი იყოს.

როგორც აჭარაში სასტუმროსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას გახარიამ განმარტა, შეზღუდვების ფონზე საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ტურიზმის ეტაპობრივად გახსნას დაიწყებს.

„ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ჩვენი ძირითადი ამოცანაა ამ ვირუსთან გამკლავება, ორ ფრონტზე ვიბრძვით. პირველ რიგში, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა. დიდი მწუხარებით მინდა ვთქვა, რომ დღეს კიდევ ერთი დანაკლისი გვაქვს, კიდევ ერთი ადამიანი დავკარგეთ, აჭარის რეგიონის მკვიდრი, ქობულეთის კლასტერიდან, 81 წლის ჩვენი მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, მაინც გარდაიცვლა. ამას ერთადერთი მიზნით ვამბობ, როგორც ჩანს, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება, უნდა ვისწავლოთ როგორ გავუმკლავდეთ, არ უნდა გაჩერდეს ცხოვრება, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ყველამ უნდა ვისწავლოთ იმ უსაფრთხოების ელემენტარული წესების დაცვა, რომელიც მოგვცემს საშუალებას ქვეყანა ჩვეულებრივ თუ არა, ვითარდებოდეს მაინც. უნდა შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები, მივიღოთ სტუმრები, განვავითაროთ ტურიზმი, ეს არის ის, რაზეც ვალდებული ვართ ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, მთავრობა ევროპელ და მეზობელ პარტნიორებთან ერთად მუშაობს იმისთვის, რომ ტურიზმი ეტაპობრივად გაიხსნას.

„რა თქმა უნდა, მარტივი არ იქნება შევეგუოთ ამ სოციალურ დისტანცირებას, არ იქნება მარტივი შევეგუოთ პირბადეს, იმას თუ რა არის დისტანციური შრომა, მაგრამ მოგვიწევს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რა პირობებშიც შეგვიძლია საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაიწყებს ტურიზმის ეტაპობრივად გახსნას. ამისთვის ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც რეგიონის მეზობლებთან, ასევე ორმხრივ ფორმატში ჩვენს ევროპელ და არამხოლოდ ევროპელ პარტნიორებთან, რომ უსაფრთხო კორიდორები გავხსნათ. მოგეხსენებათ, ვირუსს შედარებით ნორმალურად ვუმკლავდებით, მაგრამ ეს პროცესია, ვერავინ იტყვის,რომ ჩვენ გავუმკლავდით, ან რაღაცაზე გავიმარჯვეთ. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე ჩვენთან ერთად იქნება, მაგრამ ჩვენი ყოველდღიური ეკონომიკური ცხოვრება არ უნდა გავაჩეროთ.

მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სხვა დარგებიც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ტურიზმი ძალზე მნიშვნელოვანია. ტურიზმი არის ის მიმართულება, რომელიც ნელ-ნელა უნდა ავამუშავოთ, აქ უნდა ვიყოთ ერთ-ერთი პირველები. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდროდ ვმუშაობთ. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად სულ მალე შეიმუშავებს კონკრეტულ წესებს, რომ მოგზაურობა გაიხსნას. რამდენიმე კრიტიკული წერტილია, რა თქმა უნდა, ეს არის საზღვარი და კონტროლი საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო. შემდეგ უკვე ტრანსპორტი და სასტუმრო. ეს ყველა ის ეტაპია, სადაც კოვიდის საწინააღმდეგო ზომები და წესები უსაფრთხოების ნაწილში უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა გახარიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს